რუხი ყანჩა
რუხი ყანჩა (ლათ. Ardea cinerea Linnaeus, 1758) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 420-490 მმ-ია, ნისკარტი – 115-128 მმ, წონა – 1500-2000 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზურგის მხარე და საჭის ბუმბულები რუხია, შუბლი და თხემის შუა ნაწილი თეთრი. თვალების ზემოთ ფართო შავი ზოლებია, რომლებიც ერთმანეთს კეფაზე უერთდებიან. თავზე არის შავი ფერის წაგრძელებული ბუმბულები, რომელთა შორის 2-3 ლენტისებურია. კისერი მორუხოა. ყელიდან მუცლისაკენ მიემართება ორი ან სამი შავი ზოლი. მუცლის მხარე ღია რუხი ფერისაა, მაგრამ მკერდი, მუცლის შუა ნაწილი და კუდქვეშა ბუმბულები თეთრია. ჩიჩახვზე არის წაგრძელებული ბუმბულები, მათ შორის ლენტისებურიც. სხეულის გვერდები და პირველი რიგის მომქნევები შავია. ნისკარტი მოყვითალო-მურა, სწორი და გრძელი ფეხები მომწვანო-რუხია და მაღალი. წვივის ქვემო მესამედი შეუმოსავია, თითები წვრილი და გრძელია. შუა და გარეთა თითების ძირში აპკია. შუა თითის ბრჭყალის შიგნითა კიდე დაკბილულია.
ცნობილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი რუხი ყანჩა – A. c. cinerea Linn., 1758.
სარჩევი[დამალვა] |
გავრცელება
სახეობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ძველ სამყაროს, ავსტრალიის გარდა სსრ კავშირში ბუდობის არეალი ჩრდილოეთით აღწევს ლენინგრადამდე, ვოლოგდამდე, კიროვამდე და პერმამდე; მდ. ობზე ვრცელდება მე-60, ხოლო ენისეიზე – 55-ე პარალელებამდე. ლენაზე კუტსკამდე. არის ამურის აუზში და სახალინზე. ჩრდილოეთი რაიონებიდან გადამფრენია. სსრკ ტერიტორიაზე ზამთრობს შუა აზიის სამხრეთ ნაწილში და ამიერკავკასიაში. საქართველოში მობინადრეა.
ბიოტოპი
მდინარეებისა და ტბების სანაპიროები, ჭაობები ან დატბორილი ადგილები, რომლებიც დაფარულია ხშირი ლელქაშით, ბუჩქნარებით, ხემცენარეებით. უპირატესობას ანიჭებს დაბლობებს, თუმცა ზოგჯერ გვხვდება მთებშიც 2000 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდობს მეტწილად კოლონიებად. ბუდეს იკეთებს ლელიანში, ზოგან ხეებზედაც. აპრილის პირველ ნახევარში დებს 3-7 კვერცხს. კრუხად ჯდება მორიგეობით ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 26-27 დღეს გრძელდება.
კვება
რუხი ყანჩის საკვებს შეადგენენ წყლისა და ხმელეთის ნაირგვარი ცხოველები: მწერები და მათი ლარვები, პატარა ზომის თევზები, ბაყაყი და თავკომბალები, ხვლიკები, გველები და თაგვისებური მღრღნელები. შემჩნეულია ფრინველთა ბუდეების განადგურება და კვერცხების შეჭმის შემთხვევებიც.
მნიშვნელობა
სატბორო თევზის მეურნეობისათვის შეუძლია გარკვეული ზიანის მოტანა. სხვაგან სასარგებლოა მავნე მწერებისა და თაგვისებური მღრღნელების განადგურების გამო. ზოგან, ბუდობის რიცხვმრავალ კოლონიებში, აგროვებენ მის ახალ კვერცხებსაც.