საბუეს ნათლისმცემლის მეორე ეკლესია
საბუეს ნათლისმცემლის ეკლესია – არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს ცენტრში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით და აგურით. შიგნიდან და გარედან შელესილია. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ორივე კარი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული და შიგნიდან ნახევარწრიულ-თაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული. აღმოსავლეთით საკმაოდ ღრმა, ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ნახევარწრიულ-თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედელშიცაა. აფსიდის გვერდებში ორ-ორი ნიშაა. საკურთხევლის ბაქანი, დარბაზის იატაკის მიმართ, საფეხურითაა შემაღლებული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრით და მასზე დაყრდნობილი ორ-ორი დეკორატიული თაღით. დარბაზი გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით, რომელიც კონქის თაღის გარდა, კიდევ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. თაღები – პროფილირებულ კრონშტაინებს. ერთი საბჯენი თაღი დარბაზის შუაშია, პილასტრების გასწვრივ, მეორე – დასავლეთ კედელთან. ფასადები სადაა, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტონებზე, აგურის წყობით, გამოსახულია საფეხურებიან პოსტამენტზე დაყრდნობილი, თითო შეღრმავებული ჯვარი. ფასადები აგურით ნაწყობი სამსაფეხურიანი ლავგარდნითაა დასრულებული. ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით. ეკლესიის დასავლეთ ფრონტონის წვერზე დადგმულია აგურით ნაგები სამრეკლო. რომელიც ექვს მრგვალ სვეტზე დაყრდნობილ, ნახევარწრიული თაღებით გახსნილ, ექვსწახნაგა ფანჩატურს წარმოადგენს.
ლიტერატურა
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა