საბუეს ორმოც მოწამეთას ტაძარი
საბუეს ორმოც მოწამეთას ტაძარი – საბუეს ორმოცები – არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში, სოფლის ჩრდილო აღმოსავლეთით, ღვდლიაანთ უბანში.
ეკლესია თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ტაძარი დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით – კირის ხსნარზე. კონსტრუქციული ნაწილების და კარ-სარკმლების წყობაში, გამოყენებულია კვადრატული აგური. შესასვლელი დასავლეთითაა. კარი თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელი სამხრეთ (ამოშენებულია) და დასავლეთ კედლებშიცაა. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში მოწყობილია სამი სხვადასხვა ზომის ნიშა. მათგან ერთი, შედარებით მოზრდილი, თაღოვანია, დანარჩენი ორი მარტივპროფილიანი – სწორკუთხა. სამხრეთით, ერთი მეორის თავზე, ორი სწორკუთხა ნიშაა. ზედა ნიშაში სამალავია. კონქის თაღი ნახევარწრიულია. ნახევარწრიულია კამარაც. იგი სხმულია. ფასადები დასრულებულია ლავგარდნით.
ტრადიცია
მარტის თვეში 9 – 22 მარტს ღვდლიაანთ უბნის მოსახლეობა, კერძოდ ღვდლიაანები, უკლებლად გამოდიოდა ეკლესიის ეზოში. დაანთებდნენ ცეცხლს, ჰკლავდნენ ქათმებს, სჭრიდნეთ ქადებს და ცეცხლის პირზე ლოცულობდნენ ორმოც მოწამეთას წამებული სულებისთვის. საღამო ხანს ხდებოდა ეს რიტუალი. აუცილებელი იყო, დიდი ცეცხლის დანთება, რადგან ორმოცი მოწამე ჯერ ტბაში ჩაყარეს რათა გაყინულიყვნენ, რომ დაინახეს არ გაიყინნენ, ამოიყვანეს, ძვლებში დაამტვრიეს და ცეცხლში დაწვეს. (ორმოცი ქრისტეს მოწამე კაბადოკიაში ცხოვრობდა)
მოსახლეობას ეკლესიაში მიჰქონდათ დიდი სათლით წყალი და ეკლესიის ეზიში ღვრიდნენ მონიშნულ ადგილზე, როათა წყლის პატარა ტბა დამდგარიყო.
ლიტერატურა
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა