საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) - (international monetary fund), შეიქმნა 1945 წელს ბრეტონ-ვუდსში, სავალუტო- საფინანსო საკითხებისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაზე მიღებული შეთანხმების (1944) რატიფიკაციის შედეგად. ფონდი გახდა გაეროს სპეციალური ორგანო. მისი თავდაპირველი ამოცანა იყო ვალუტების კურსების საერთაშორისო სისტემის რეგულირება, მოგვიანებით კი მან მოახდინა თავისი საქმიანობის მოდიფიცირება.

სსფ-ის ძირითადი ამოცანებია: საერთაშორისო სავალუტო თანამშრომლობის სტიმულირება, საერთაშორისო ვაჭრობის ბალანსირებული განვითარებისათვის ხელშეწყობა, მონაწილე ქვეყნებისადმი დახმარება მათი საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის კორექტირებასა და ვალუტის კურსის სტაბილიზაციის მიღწევაში.

ფონდის მიერ შექმნილი ბრეტონ-ვუდსის საერთაშორისო სავალუტო სისტემა ეყრდნობოდა ვალუტის ფიქსირებული კურსის პოლიტიკას, სავალუტო შეზღუდვების აკრძალვას, ვალუტების კონვერტირებადობისა და საერთაშორისო გადასახადების მრავალმხრივი სისტემის განვითარებას. ვალუტების კურსი ეყრდნობოდა პარიტეტულ სისტემას, რომელიც მონაწილე ქვეყნებისგან მოითხოვდა მათი ვალუტების კურსის მერყეობის შეზღუდვას პლუს-მინუს ერთი პროცენტის ფარგლებში (გამოხატული დოლარებში). მისი უშუალო კონვერტირება ხდებოდა ოქროში ფიქსირებული კურსით. აშშ-ის მიერ 1971 წელს მიღებული გადაწყვეტილების კვალდაკვალ - შეეჩერებინათ დოლარის კონვერტირებადობა ოქროში, ათი ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, გფრ,ბელგია, იტალია, შვედეთი, ნიდერლანდი, აგრეთვე შვეიცარია (ფონდის ასოცირებული წევრი) მთავრობებმა ამავე წელს მიიღეს „სმითსონოვის შეთანხმება”, რომელიც ითვალისწინებდა დოლარის ათპროცენტიან დევალვაციას, ყველა ვალუტის კურსის გადასინჯვას და მათი მერყეობის უფრო ფართო საზღვრების დადგენას.

1973 წელს დოლარის შემდგომი დევალვაციის შემდეგ რეგულირებადი პარიტეტის სისტემაზე უარი თქვეს აგრეთვე ევროპული გაერთიანების ქვეყნებმა და შემოიღეს თავიანთი ვალუტების მცურავი კურსი დოლართან მიმართებაში. ბრეტონ-ვუდსის სისტემის კრიზისის კვალდაკვალ, 1972 წელს სსფ-მა მის მიერ ჩამოყალიბებულ საერთაშორისო სავალუტო სისტემის რეფორმის კომიტეტში შეიმუშავა რეკომენდაციების კომპლექსი, რომელიც მიიღეს 1976 წელს იამაიკის შეთანხმების ფარგლებში. ფონდი თავის საქმიანობას აფინანსებს მონაწილე ქვეყნების შენატანებისა და სესხების საფუძველზე. შენატანების სიდიდე, გაცემული ნასესხობის სპეციალური წესის მიხედვით, განისაზღვრება თითოეული მონაწილე ქვეყნის კვოტების დამდგენი სისტემით. ეს უკანასკნელი ეყრდნობა მოცემული ქვეყნის ეროვნულ შემოსავალს, სავალუტო რეზერვებსა და სხვა ეკონომიკურ ინდიკატორებს. მონაწილე ქვეყნების კვოტები, რომელიც სისტემატურად გადაისინჯება და იცვლება, განსაზღვრავს აგრეთვე მოცემული ქვეყნის სესხების აღების უფლებას როგორც რეგულარულ, ისე სპეციალურ კრედიტებზე. კრედიტების გაცემასთან ერთად სსფ-ის მეორე მნიშვნელოვანი ამოცანაა ვალუტის კურსების სფეროში მონაწილე ქვეყნების პოლიტიკისთვის თვალყურის დევნება მსოფლიო დონეზე თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებისათვის.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები