საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია – საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, გაეროს სპეციალიზებული დაწესებულება, შეიქმნა 1958 სამთავრობათშორისო საზღვაო საკონსულტაციო ორგანიზაციის შესახებ კონვენციის შესაბამისად, რომელიც შემუშავდა 1948 ჟენევაში გაეროს საზღვაო კონფერენციაზე.
ორგანიზაციის მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფოთა თანამშრომლობა საერთაშორისო ნაოსნობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში, ხელი შეუწყოს ზღვაოსნობის მაქსიმალურად შესაძლო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე ყოველგვარი დისკრიმინაციის აღკვეთას ცალკეული სახელმწიფოებისა და სანაოსნო კომპანიების მხრიდან. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საქმიანობა ძირითადად საკონსულტაციო და სათათბირო ხასიათისაა. ორგანიზაციის ფარგლებში მუშავდება შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტები, იწვევენ საერთაშორისო კონფერენციებსა და თათბირებს.
ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა ასამბლეა, რომელიც იკრიბება ორ წელიწადში ერთხელ და შედგება ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენლისგან. ასამბლეა ირჩევს ხელმძღვანელ ორგანოს – საბჭოს, განიხილავს მის მოხსენებებს. ამტკიცებს ბიუჯეტს, იძლევა რეკომენდაციებს ზღვაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების შესახებ. საბჭოს შემადგენლობაში, რომელიც ასამბლეის სესიებს შორის პერიოდში მუშაობს, შედიან საერთაშორისო სავაჭრო ნაოსნობით ყველაზე მეტად დაინტერესებული სახელმწიფოების წარმომადგენლები. ორგანიზაციის ფარგლებში მოქმედებს ასევე ზღვაზე უსაფრთხოების, იურიდიულ საკითხთა, ზღვაზე გარემოს დაცვის და ტექნიკური თანამშრომლობის კომიტეტები. ზღვაზე უსაფრთხოების კომიტეტი იძლევა რეკომენდაციებს ნაოსნობის უსაფრთხოების წესების მიღების შესახებ. იგი ფორმირდება სამართლიანი გეოგრაფიული წარმოდგენის პრინციპის შესაბამისად, ასევე ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ზოგიერთი სახელმწიფოს განსაკუთრებული დაინტერესების გათვალისწინებით. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში.