საერთაშორისო სამართლის სუბიექტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო სამართლის სუბიექტებისაერთაშორისო ურთიერთობების რეალური (მოქმედი) ან შესაძლო მონაწილეები, რომლებიც ფლობენ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თვითონვე ქმნიან ამ ნორმებს და უზრუნველყოფენ მათ შესრულებას ინდივიდუალურად ან ერთობლივად.

განასხვავებენ საერთაშორისო სამართლის პირველად და წარმოებულ სუბიექტებს. სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების პირველად მონაწილეებს და შესაბამისად საერთაშორისო სამართლის პირველად სუბიექტებს არავინ არ ქმნის. მათი წარმოშობა არის ობიექტური რეალობა, ისტორიული პროცესების შედეგი. ესენი არიან, პირველ რიგში, სახელმწიფო და თავისუფლებისათვის მებრძოლი ერები და ხალხები.

სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტის სტატუსს განაპირობებს ისეთი პოლიტიკურ-სამართლებრივი თვისება, როგორიცაა სუვერენიტეტი – უზენაესობა ქვეყნის შიგნით და დამოუკიდებლობა. საერთაშორისო ურთიერთობებში სუვერენიტეტით სარგებლობს ყველა სახელმწიფო. წარმოშობის მომენტიდან, სახელმწიფო ხდება სუბიექტი და ენიჭება საერთაშორისო სამართალსუბიექტურობა მისი წარმოშობის ფაქტის შედეგად. ტერიტორიის სიდიდის მოსახლეობის რაოდენობის, ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების დონის განურჩევლად სახელმწიფოები თანასწორნი არიან და საერთაშორისო სამართლის თანასწორუფლებიან სუბიექტებს წარმოადგენენ.

თავისუფლებისათვის მებრძოლი ერისა და ხალხის საერთაშორისო სამართალსუბიექტურობის იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპი, რომლის ნორმატიული შინაარსი პირველად ჩამოყალიბდა გაეროს დეკლარაციაში საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ 1970, სადაც ნათქვამია, რომ ყველა ხალხს უფლება აქვს თავისუფლად განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სტატუსი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება. ყველა სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას და ეს ვალდებულება მოიცავს იმ საერთაშორისო ურთიერთობების აღიარებასაც, რომლის სუბიექტად გამოდის ხალხი. თვითგამორკვევის პრინციპის აღიარება წინასწარ არ წყვეტს მათ პოლიტიკურ და იურიდიულ სტატუსს, მათ შეიძლება შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო ან გაერთიანდნენ სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში. ამ შემთხვევაში მათი სამართალსებიექტურობის საკითხი უნდა გადაწყდეს ამ გაერთიანების პირობების გათვალისწინებით. თავისუფლებისათვის მებრძოლ ერს აქვს საერთაშორისო უფლებები და ვალდებულებები და მათი დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა, ისინი მონაწილეობენ საერთაშორისო ურთიერთობებში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციას ეხება. ამასთან დაკავშირებით, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, უფლება აქვთ შეუერთდნენ საერთაშორისო შეთანხმებებს და ა.შ.

საერთაშორისო სამართლის წარმოებულ სუბიექტებს ქმნიან პირველადი სუბიექტები. მათ აქვთ სპეციფიკური იურიდიული ბუნება. მათი საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი დამყარებულია არა სუვერენიტეტზე, არამედ სუვერენული სახელმწიფოების შეთანხმებაზე, ესენი არიან საერთაშორისო სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციები და ე.წ. „თავისუფალი ქალაქები“. საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალსუბიექტერთობა განისაზღვრება იმ კონკრეტული მიზნებითა და ამოცანებით, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოების მიერ დადგენილია ორგანიზაციის შექმნის დამფუძნებელ აქტში, რომელიც ადგენს სახელმწიფოთაშორისი გაერთიანების მიზნებს, ფუნქციებსა და ამოცანებს, წევრობის პირობებს, ორგანიზაციულ სტრუქტურას, კომპეტენციის განხორციელების ძირითად პრინციპებს.

საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არიან მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციები, რომელთა მიზნები და პრაქტიკული მოღვაწეობა შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. საერთაშორისო სამართლის წარმოებულ სუბიექტთა რიცხვს მიეკუთვნება განსაკუთრებული პოლიტიკურ-რელიგიური ან პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეულები, რომლებსაც საერთაშორისო აღიარების საფუძველზე მინიჭებული აქეთ დამოუკიდებელი საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი. ეს არის ე.წ. „თავისუფალი ქალაქები“, რომლებიც იქმნება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, ან საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით და წარმოადგენს თავისებური სახის შეზღუდულ სუბიექტს საერთაშორისო ურთიერთობებში. „თავისუფალ ქალაქებს“ წარმოადგენს დაინტერესებული სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაცია. საერთაშორისო სამართლის სპეციფიკური სუბიექტია ვატიკანი, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა ლატერანის ხელშეკრულების ძალით 1929. ვატიკანს აქვს დიპლომატიური ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან ნუნციების და ინტერნუნციების სახით, დებს სპეციალურ შეთანხმებას – კონკორდატს, რომელიც არეგულირებს კათოლიკური ეკლესიის მდგომარეობას მოცემულ ქვეყანაში. ვატიკანი არის საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი და საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე, ჰყავს მუდმივი დამკვირვებელი გაეროში.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები