საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციები
საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციები – სახელმწიფოთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და მოქმედებს წევრი სახელმწიფოების საერთო ინტერესებში გარკვეული მიზნების განსახორციელებლად. საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციები იქმნება სუვერენული სახელმწიფოების მიერ დამფუძნებელი აქტის საფუძველზე, რომლის სახელწოდება შეიძლება განსხვავებული იყოს: წესდება (გაერო). სტატუტი (ერთა ლიგა), კონვენცია (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) და ა.შ. ნებისმიერი ხელშეკრულების მიმართ, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელ აქტს, გამოიყენება ვენის კონვენცია საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ (კონვენციის მე-5 მუხლი). დამფუძნებელ აქტში დაფიქსირებულია ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები, ორგანიზაციული სტრუქტურა. ორგანოების უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, გადაწყვეტილია საბიუჯეტო, ადმინისტრაციული თუ სხვა საკითხები. მონაწილეთა წრის მიხედვით, განასხვავებენ უნივერსალურ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა მიზნებსა და ამოცანებს არსებითი მნიშვნელობა აქვს ყველა ან უმრავლესი სახელმწიფოებისათვის, მთლიანად საერთაშორისო თანასაზოგადოებისათვის, და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებს გაეროს წესდების, მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად და მოიცავს გარკვეული რეგიონის სახელმწიფოებს.
არსებობს საერთო და სპეციალური კომპეტენციის საერთაშორისო ორგანიზაციები. საერთო კომპეტენციის ორგანიზაციების საქმიანობა ეხება წევრ სახელმწიფოთა ურთიერთობების ყველა სფეროს – პოლიტიკურს, ეკონომიკურს, კულტურულსა თუ სოციალურს (გაერო. აფრიკის ერთიანობის ორგანიზაცია). სპეციალური კომპეტენციის ორგანიზაციები შემოიფარგლება მხოლოდ ერთ სპეციალურ სფეროში თანამშრომლობით.
საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს წარმოადგენენ, რომელთა ფორმირების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოთა საფუძვლიანი თანასწორობის პრინციპს, რაც გამოიხატება შემდეგ თავისებურებებში: საერთაშორისო ორგანიზაციის სახელშეკრულებო საფუძველი, ნებაყოფლობითი წევრობა, გადაწყვეტილებათა რეკომენდაციული ხასიათი, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და თანასწორობის შენარჩუნება როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სახელმწიფოები ქმნიან საერთაშორისო ორგანიზაციებს და ანიჭებენ მათ გარკვეულ უფლება-მოვალეობებსაც. გაეროს წესდების 104-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ „გაერო ყველა წევრი-სახელმწიფოს ტერიტორიაზე სარგებლობს იმ უფლებაუნარიანობით, რაც შეიძლება აუცილებელი გახდეს დაკისრებული ფუნქციების შესრულების და მიზნების მიღწევისათვის“.
საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი თანამდებობის პირები სარგებლობენ პრივილეგიებით და იმუნიტეტებით, რისი რეგლამენტაცია ხდება დამფუძნებელ აქტში ან სპეციალური დოკუმენტის მიღების გზით (მაგ., კონვენცია გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ 1946. კონვენცია გაეროს სპეციალიზებული ორგანოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ 1947 და ა.შ.) საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან დაიცვან სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობის, სუვერენული თანასწორობის და საერთაშორისო ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულების პრინციპები. საერთაშორისო სამართალი აღიარებს საერთაშორისო ორგანიზაციების პასუხისმგებლობას საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების დარღვევის შემთხვევაში.