საერთაშორისო სამოქალაქო სამსახური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საერთაშორისო სამოქალაქო სამსახური – საერთაშორისო ორგანიზაციების სამდივნოები, რომლებიც ჩამოყალიბებულნი არიან და ფუნქციონირებენ ამ ორგანიზაციათა წესდებების, მათი ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებებისა და ორგანიზაციული წესების საფუძველზე.
საერთაშორისო ორგანიზაციათა სამდივნოების საქმიანობა ხორციელდება შერჩევის, მუშაობის და ანაზღაურების საერთო წესებისა და პრინციპების საფუძველზე. პერსონალის შერჩევა, გარდა მათი მაღალპროფესიული და პირადი ღირსებებისა, ხდება აგრეთვე გეოგრაფიული წარმომადგენლობის საფუძველზეც. საერთაშორისო ორგანიზაციათა პერსონალის ადმინისტრაციული წესები შემუშავდება გაეროს გენერალური ასამბლეის რეკომენდაციების საფუძველზე, რომლებიც, თავის მხრივ, მზადდება საერთაშორისო სამოქალაქო სამსახურის კომისიის მიერ.