საერთაშორისო ტრანზიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო ტრანზიტი – რომელიმე სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ მყოფი სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო ტერიტორიის გადაკვეთით სხვა სახელმწიფოს იმ ფიზიკურ პირთა, სატრანსპორტო საშუალებათა (საზღვაო, სახმელეთო ან საჰაერო) ან ტვირთის გავლა, რომელთათვისაც სატრანზიტო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გავლილი გზა არის მთლიანი მარშრუტის მხოლოდ ნაწილი და ეს მარშრუტი იწყება და მთავრდება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

ტრანზიტი ხორციელდება დაინტერესებულ სახელმწიფოთა ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. შეთანხმებებში რეგულირებულია ტრანზიტის განხორციელების წესი და პირობები, გათვალისწინებულია მარშრუტი, უსაფრთხოების პირობები, სატრანზიტო სახელმწიფოს იურისდიქციის პირობები და სხვ. სატრანზიტო მოძრაობა თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, გარდა კონკრეტული მომსახურებისთვის გაწეული გადასახადისა.

სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები ტექნიკური შეფერხებებისა და მოძრაობის შეჩერების თავიდან აცილების მიზნით. თანამედროვე საერთაშორისო სამართალში არ არსებობს იმპერატიული ნორმა არც ტრანზიტის თავისუფლების, არც ტრანზიტზე დაუსაბუთებელი უარის შესახებ, გამონაკლისს წარმოადგენს ჟენევის 1958 საზღვაო სამართლისა და გაეროს 1982 საზღვაო სამართლის კონვენციებში დაფიქსირებული ნორმა, რომელიც სავალდებულოს ხდის შიდაკონტინენტური სახელმწიფოებისათვის ზღვაზე გასასვლელის (შესაბამისად ტრანზიტის) უზრუნველყოფას. საჰაერო ტრანზიტს ანუ სახელმწიფოს საჰაერო სივრცის გადაკვეთის სამართლებრივ რეგულირებას ახორციელებს ჩიკაგოს 1944 კონვენცია, სახელმწიფოთაშორისო ორმხრივი შეთანხმებანი და სხვა.

ტრანზიტის მრავალმხრივი რეგულირების მაგალითია ბარსელონას 1921 კონვენცია ტრანზიტის სტატუსისა და თავისუფლების შესახებ. საერთაშორისო ტრანზიტის პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რომელმაც თავის საგარეო პრიორიტეტად ევროპა-აზიის დერეფნის როლის შესრულება აირჩია. საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია ნავთობისა და გაზის ტრანზიტი, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ტრანზიტის სხვა მიმართულებებიც. შესაბამისად საქართველო დებს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს აღნიშნულ სფეროში და ქმნის სამართლებრივ ბაზას ტრანზიტისათვის საუკეთესო პირობების შექმნის მიზნით.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები