ჩიკაგოს კონვენცია 1944
ჩიკაგოს კონვენცია 1944 – (კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ), შემუშავდა ჩიკაგოში მოწვეულ საერთაშორისო კონფერენციაზე და ხელმოწერილ იქნა იქვე 7-XII. 1944. ძალაში შევიდა 7. IV. 1947, კონვენციის მონაწილეა გაეროში შემავალი თითქმის ყველა ქვეყანა. ჩიკაგოს კონვენციამ შეცვალა პარიზის 1919 კონვენცია საჰაერო ნავიგაციის რეგულირების შესახებ და ჰავანის 1928 კონვენცია კომერციული ავიაციის შესახებ.
კონვენციის მიზანია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებული განვითარება, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაწესება თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ამ მიმოსვლების რაციონალური და ეკონომიკური განხორციელება.
კონვენცია შედგება ოთხი ნაწილისაგან და არეგულირებს სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საჰაერო ნავიგაცია (ნაწილი 1) და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტი (მე-3 ნაწილი). მეორე ნაწილი მოიცავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) დაფუძნებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კონვენცია ცნობს ყოველი სახელმწიფოს სრულ და განსაკუთრებულ სუვერენიტეტს მისი ტერიტორიის თავზე არსებული საჰაერო სივრცის მიმართ და ითვალისწინებს სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას.