სავათისნაირნი
სავათისნაირნი (ლათ. Otidiformes) − ფრინველთა რიგი. სავათისნაირთა რიგში გაერთიანებულია დიდი და საშუალო ზომის ფრინველები. მათ შორის ყველაზე დიდია სავათი, ხოლო ყველაზე პატარა − სარაკი. ამ რიგის ფრინველებისათვის დამახასიათებელია მკვრივი სხეული, მოგრძო და მსხვილი კისერი, შედარებით პატარა თავი, საშუალო სიმაღლის მსხვილი და მძლავრი სამთითიანი ფეხები. სხეული დაფარული აქვთ უხეში ბუმბულით. შეფერილობაში ჭარბობს ქარცი, თეთრი, რუხი და შავი ფერები. ამ ფერების ნაირგვარი კომბინაცია კარგად ეხამება გარემოს, სადაც ეს ფრინველები ბინადრობენ. კუდუსუნის ჯირკვალი განუვითარებელია. მამლები დიდებია დედლებზე. აფრიკაში გავრცელებული სახეობები ჩვეულებრივად უფრო მკვეთრი შეფერილობისანი არიან და ზოგჯერ მეტალური ელვარებაც აქვთ. ზოგიერთი სახეობის ფრინველებს თავსა და კისერზე ეზრდებათ წაგრძელებული და დაცარული ბუმბულები, რომლებიც წარმოქმნიან ქოჩორს ან საყელოს. გარდა ამისა, ზოგიერთი სახეობის მამლებს გამრავლების პერიოდში ეზრდებათ „ულვაშები“. გალო ბუმბულსაფარველს მოკლებულია და წინიდან დაფარულია ექვსკუთხა ფარებით. თითებზე ბრჭყალები მოკლე, მსხვილი და ბლაგვია. თითების ქვეშ აქვთ გასქელებული, მოქნილი და მაგარი კანის „ბალიში“.
ამ რიგის ყველა ფრინველი შეგუებულია გაშლილ, ღია ლანდშაფტში სავანებში, უდაბნოებსა და ველებში არსებობისადმი. ამიტომ ჩვეულებრივად გვხვდებიან ტროპიკულსა და სუბტროპიკულ სარტყლებში. მხოლოდ ზოგიერთი მათგანი იჭრება ზომიერი სარტყლის თბილ რაიონებში.
სავათისნაირნი დღის ფრინველებია. ტროპიკებში მობინადრენია, ხოლო ზომიერი სარტყლის სახეობები — გადამფრენი. გამრავლების პერიოდის დამთავრების შემდეგ იკრიბებიან გუნდებად. გამრავლება სახეობების უმრავლესობაში მონოგამიურია. ბუდეს აკეთებს დედალი. ბუდე წარმოადგენს მიწის უბრალო ჩაღრმავებას, ზოგჯერ ამოფენილს ხმელი ბალახით. დიდი ზომის ფრინველები დებენ 2-3, იშვიათად 6-მდე კვერცხს. უფრო პატარები 4-5, ზოგჯერ 9-მდე კვერცხს. კვერცხები მომწვანო-წენგოსფერია, უფრო მურა წინწკლებითა და კრიალა ნაჭუჭით. კრუხად სხდებიან მხოლოდ დედლები. ღინღლით დაფარული ახალნაჩეკი მართვეები ჩქარა ტოვებენ ბუდეს, მაგრამ საკმაოდ ნელა იზრდებიან და ვითარდებიან.
სავათისნაირთა საკვები შერეული და მეტად ნაირგვარია მცენარეული და ცხოველური შემადგენლობის მიხედვით. ხალისით ჭამენ მცენარეთა წვნიან ღეროებს, ფოთლებსა და ყვავილებს. ზაფხულში საკვების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ მწერები — ხოჭოები და სწორფრთიანები. დიდი ზომის ფრინველები იჭერენ ხვლიკებს, ბაყაყებს, თაგვისებური მღრღნელებს, ზოგჯერ პატარა ფრინველების ბარტყებსაც. სავათისნაირთა უმრავლესობა წყალს არ სვამს და კმაყოფილდება საკვებთან ერთად მიღებული წყლით.
სავათისნაირნი შეგუებულნი არიან სიარულისადმი. საჭიროების შემთხვევაში კარგად დარბიან. დიდი ზომის ფრინველები ფრენენ ნელა და მძიმედ. უფრო პატარებს შეუძლიათ სწრაფად ფრენა.
სავათისნაირთა სახეობების უმრავლესობა გავრცელებულია აფრიკაში. რამდენიმე მათგანი მოიპოვება ევროპასა და აზიაში. ერთი სახეობა არის ავსტრალიაშიც. საბჭოთა კავშირში გავრცელებული სამი სახეობა სანადირო ობიექტია, მაგრამ 1956 წლიდან დაწყებული, ყაზახეთში ყამირი და ნასვენი მიწების ინტენსიურმა ათვისებამ გამოიწვია ამ ფრინველთა მკვეთრი შემცირება.
სავათისნაირთა რიგში მხოლოდ ერთი ოჯახია — სავათისებრნი (otididae). ზოგიერთი ავტორი მას წეროსნაირთა (Gruiformes) ერთ-ერთ ოჯახად თვლის.