საზღვრის დელიმიტაცია
საზღვრის დელიმიტაცია – (delimitation of boundaries), სახელმწიფო საზღვრის მდებარეობის განსაზღვრა მოსაზღვრე ქვეყნებს შორის შეთანხმების საფუძველზე. სახელმწიფო საზღვარი ბუნებაში არსებული, ან წარმოსახვითი ვერტიკალური სიბრტყეა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს მის სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიაზე, საჰაერო სივრცეზე და მიწის წიაღში. შესაბამისად დგინდება სახმელეთო, საზღვაო, სამდინარო, ტბების, საჰაერო და წიაღის საზღვრები.
საზღვარი გამოიხაზება მსხვილმასშტაბიან ტოპოგრაფიულ რუკებზე ტოპოგრაფიული აგეგმვისა და აეროფოტოგადაღების მასალებზე დაყრდნობით. დეტალურად გამოსახავენ რელიეფს, ჰიდროგრაფიული ქსელს, დასახლებულ პუნქტებს. რუკები თან ერთვის ქვეყნებს შორის შეთანხმების ტექსტს. დელიმიტაცია, როგორც სახელმწიფოთა შორის საზღვრის დადგენის პირველი ეტაპი, აუცილებელია მეორე ეტაპის – დემარკაციის განხორციელებისათვის.