საინფორმაციო ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიები - (information technologies - IT) – ახალი, მზარდი საექსპორტო დარგი მთელ მსოფლიოში, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს თანამედროვე ეკონომიკაში. ერთი მხრივ, თავად ქმნის საექსპორტო პროდუქციას, მეორე მხრივ კი, წარმოადგენს ყველა დარგის მეცნიერული კვლევებისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ელემენტს.
პერსონალური კომპიუტერების მასობრივმა მოხმარებამ საინფორმაციო ტექნოლოგიები განვითარებულ ქვეყნებში სულ სხვა მასშტაბებზე გაიყვანა, ბევრი ქვეყნის კომპანიებს შეუქმნა სპეციალიზაციისა და მომსახურების ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობები. ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის აღმოცენდა ახალი ტიპის ბაზარი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება
- IT სერვისების აუტსორსინგი და
- საინფორმაციო ტექნოლოგიებითა და კომუნიკაციებით აღჭურვილი ბიზნესპროცესების აუტსორსინგი.
IT სერვისების აუტსორსინგს მიეკუთვნება პროგრამირება, სისტემების ინტეგრაცია, პროგრამული გამოყენებების ტესტირება, IT ინფრასტრუქტურა და მისი მომსახურება, IT კონსალტინგი, მონაცემების დამუშავება და მონაცემთა მხარდაჭერის მომსახურება, კონტენტის მენეჯმენტი და განვითარება და ა.შ.
საინფორმაციო ტექნოლოგიებითა და კომუნიკაციებით აღჭურვილი ბიზნესპროცესების აუტსორსინგია: ქოლცენტრები (მომხმარებლებთან დაკავშირების ცენტრები), მომხმარებელთა კავშირის (შემავალი და გამავალი კავშირების) ცენტრები, შიდა ოფისის მომსახურება (მონაცემთა ბაზის შექმნა, კადრების ადმინისტრირების მხარდაჭერა, ხელფასების გაცემა, ფინანსები) და ა.შ.
IT აუტსორსინგის ბაზრის სეგმენტზე გამუდმებით მძაფრდება კონკურენცია. სულ უფრო მეტი ქვეყანა, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი ქვეყნებიც, ცდილობენ ჩაებან ამ გლობალურ ბიზნესში.
საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზრის მოცულობამ 2010 წელს ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, ზრდის ტემპი კი 2011 წლისთვის 7%-ზე მაღალია. ანალიტიკური კომპანია „გარტნერის” მიხედვით, მოსალოდნელია, რომ IT სერვისების აუტსორსინგის ბაზრის მოცულობამ 2011 წლის ბოლოსთვის 313,2 მლრდ დოლარს მიაღწიოს, რაც 6,9% ზრდაა 2010 წელთან შედარებით.
საქართველო დგამს პირველ ნაბიჯებს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების გზაზე. ქვეყნის IT სერვისების ბაზარზე მცირე და საშუალო ზომის 20-მდე კომპანიაა. ყველაზე დიდი კომპანიები, როგორიცაა ალტა და UGT (200 თანამშრომლით), ბაზარზე დამკვიდრებისათვის მიმართავენ დივერსიფიკაციის სტრატეგიას და IT სერვისებთან ერთად სთავაზობენ კომპიუტერულ და ელექტრონულ ტექნიკას. ზოგადად, ქართული კომპანიები წარმოდგენილია შემდეგი პროდუქტებითა და სერვისებით: საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა დარგების დიდი კომპანიებისათვის ინტეგრირებული მზა გადაწყვეტილებების (SAP, ERP, CRM) მორგება და დანერგვა, მარტივი პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება მცირე ფირმებისათვის (საბუღალტრო პროგრამები, კლიენტთა მომსახურება), ვებ-პროდუქტების შემუშავება, დოკუმენტაციის მენეჯმენტი, ქსელის დიზაინი და ადმინისტრირება. ბაზარზე არსებული კომპანიებიდან, მხოლოდ ერთი-ორი ასრულებს უცხოურ დაკვეთებს. უმნიშვნელო რაოდენობის შეკვეთები მოდის ადგილობრივი ბიზნესიდან და მთავრობიდან IT კონსალტინგზე და სტრატეგიის შემუშავებაზე. ქართულ ბაზარზე ძირითადად დომინირებს სახელმწიფო დაკვეთები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2010 წელს შეიქმნა სპეციალური ინფოკომუნიკაციების სამმართველო, რომლის ამოცანაა „საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის განსაზღვრა და მონიტორინგი... საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ქსელებისა და საშუალებების განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება განხორციელება და მონიტორინგი.” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდი: http://www.economy.ge/?category =20&lang=geo