სალვინი ტომაზო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტომაზო სალვინი

ტომაზო სალვინი – (იტალ. Tommaso Salvini, 1829-1915), XIX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მსახიობი, რომლის შემოქმედებამაც მსოფლიო თეატრის ისტორიის მთელი ეპოქა შექმნა.

სალვინი მსახიობების ოჯახიდან იყო; თოთხმეტი წლიდან იგი თეატრში მუშაობდა. 1843 წელს გ. მოდენამ იგი და მისი მამა ჯ. სალვინი მიიწვია თავის დასში და თავისი მეთვალყურეობით ჩამოაყალიბა მისი სამსახიობო ინდივიდუალობა. 1848 წელს, სალვინი გარიბალდის რაზმში შედის და იარაღით იბრძვის იტალიის თავისუფლებისთვის. თეატრში დაბრუნების შემდეგ, სალვინი მალევე ჩაუდგა სათავეში საკუთარ დასს (1856). ევროპასა და ამერიკაში მრავალი გასტროლის შემდეგ, მსახიობი არაერთხელ ეწვია რუსეთს, სადაც მის შემოქმედებას დიდი წარმატება ხვდა წილად.

სალვინის მხატვრული მეთოდი საშუალებას იძლევა, ჩავთვალოთ იგი რეალისტ მსახიობად, თუმცა, მისმა შემოქმედებამ, ისევე, როგორც იტალიურმა რეალიზმმა, რომანტიზმისგან მემკვიდრეობით მიიღო მომატებული ემოციურობა, გამომხატველობითი საშუალებების ხაზგასმულობა. სალვინის შემოქმედება ამტკიცებდა მაღალ ადამიანურ იდეალს. იგი მაყურებლებს აოცებდა ვნებებისა და ხასიათების სიღრმით, მათი განშლის სიმართლით. სალვინის რეალიზმს განასხვავებს განზოგადებულობა, მონუმენტური გმირული ხასიათების შექმნისკენ სწრაფვა. მსახიობის ოსტატურად გამოხატული სხვაობა ჰუმანურ, გმირულ იდეალებსა და რეალურ ცხოვრებას შორის, მის შემოქმედებას რომანტიკულ თვისებებს ანიჭებდა.

სალვინის საყვარელ დრამატურგად შექსპირი იქცა, რომლის სახეებშიც მსახიობი პოულობდა შესაძლებლობას, ტრაგიკულთან ერთად გამოეხატა ცხოვრებისეული მსოფლმხედველობა (ოტელოს, ჰამლეტის, მაკბეთის, ლირის, კორიოლანის, რომეოს, იაგოს როლებში). შექსპირისეული როლების გარდა, იგი თამაშობდა ოროსმანს ვოლტერისზაირაში“, პაოლოსა და ლანჩოტოს პელიკოს „ფრანჩესკა და რიმინიში“. ამავდროულად, მისთვის უცხო არ იყო დიუმა შვილის და სარდუს ბურჟუაზიული დრამა. მისი ინტერესებისა და სამსახიობო შესაძლებლობების მიღმა რჩებოდა იბსენის დრამატურგია.

სალვინისთვის, ოტელო ის ერთადერთი როლი იყო, რომელსაც ბევრი მსახიობი მთელი ცხოვრება ელის და რომელშიც შემსრულებლის ყველა გარე და შინაგანი შესაძლებლობების უფრო სრულყოფილი განშლის საშუალება არსებობს. სალვინი „ოტელოს“ განმარტავდა, როგორც მიმნდობი, ბავშვურად მიამიტი ადამიანი მებრძოლის ტრაგედიას, რომელმაც შეიცნო სამყაროს სისასტიკე და ბოროტება. დეზდემონასადმი სიყვარული - ესაა ნათელი სიცოცხლის დაწყების, ადამიანების რწმენა, და მაშინ, როცა იგი მოკვდება, მის სულში იბადებიან ბნელი ძალები - იგი გარე სამყაროს მსხვერპლი ხდება. სალვინი-ოტელოს გარეგნული შესახედაობა საოცარ ჰარმონიაში იყო მისი სულის ვაჟკაცურ და ნათელ წყობასთან: „იგი საოცრად კარგად გამოიყურებოდა თავისი ყავისფერი კანით, მაღალი, ნაოჭებით დაფარული სხეულით, ბრწყინვალე მუზარადით, ცეცხლოვანი თვალებით, თეთრი მოსასხამით, რომლის ქვეშაც ბზინავდა ლატები. მისი გარეგნობის მხატვრულობა და ვაჟკაცური სიმარტივე ორგანულად ერწყმებოდა პლასტიკის დახვეწილობასა და ძალას, ჟესტების სკულპტურულ გამომხატველობასთან“.

სალვინი აჩვენებდა, რამდენად მტანჯველად აუტანელია ოტელოსთვის საყვარელი ქალის მიმართ ნდობის დაკარგვა. „ეს უკვე სხვა ადამიანი იყო. პროცესი სულში განვითარდა... შხამმა მასში შეაღწია... გატეხილი გულის კვნესისა და პირქუში კონცენტრაციიდან იგი გადავიდა კივილის და მძვინვარე ვეფხვის ნახტომისკენ, იაგოს დასახრჩობად, როგორ ძლიერდება ეს კივილი, ეს მხეცის ღრიალი - ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია“.

თანამედროვე პიესებში, სალვინის საუკეთესო როლი იყო კორადო, ჯაკომეტის მელოდრამაში „სამოქალაქო სიკვდილი“. ზოლა, რომელიც თავად აღიარებდა, რომ სიფრთხილით და უნდობლობით ეკიდებოდა იტალიელ მსახიობებს, ელოდა რა მათგან ხელოვნურობასა და გადაჭარბებას, გაოცებული იყო, როცა სალვინი ნახა: „არასოდეს მინახავს, ვინმე ასე მომკვდარიყოს თეატრში. სალვინი თანმიმდევრულად გადმოსცემს მომაკვდავის უკანასკნელ წუთებს, ისე ჭეშმარიტად, რომ მთელ დარბაზს აშინებს. თქვენ წინაშე ჭეშმარიტად მომაკვდავი ადამიანია, დაბინდული თვალებით, გაფითრებული და წაშლილი სახით და გაშეშებული ნაკვთებით“.

უზარმაზარი ბუნებრივი ნიჭის პატრონი, სალვინი გამოირჩეოდა საოცარი შრომისუნარიანობითაც. როლზე მუშაობა, მისი აზრით, არასოდეს უნდა წყდებოდეს. იგი უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებდა პუბლიკას, როლის დახვეწის პროცესში. სპექტაკლისთვის ყოველდღიური მოსამზადებელი სამუშაო ამ გენიოსისთვის საჭირო იყო, ასჯერ ნათამაშევი როლისთვისაც კი. დიადი იტალიელი ტრაგიკოსის შემოქმედება მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს რეალისტური სამსახიობო ხელოვნების ჩამოყალიბებაში. სტანისლავსკი სალვინის განცდის ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლებს შორის ასახელებდა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები