სამი იმპერატორის კავშირი
სამი იმპერატორის კავშირი – 1873-84 რუსეთის, გერმანიის და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორებს შორის დადებული პაქტი.
ავსტრია-უნგრეთი ცდილობდა გერმანიასთან კავშირის დამყარებას და ბალკანეთზე გავლენის სფეროთა გადანაწილებას რუსეთთან შეთანხმებით. რუსეთი ეძებდა გერმანიასთან კავშირს, ვინაიდან შუა აზიაში ინგლისთან კონფრონტაცია დამცავი ფარის აუცილებლობას იწვევდა, ხოლო გერმანია ინგლის-საფრანგეთთან დაპირისპირებაში სწორედ რუსეთს მიიჩნევდა საიმედო დასაყრდენად. 1872 წლის სექტემბერში ბერლინის წინასწარ შეხვედრას (ა. გორჩაკოვი, ო. ბისმარკი, დ. ანდრაში) 1873 წლის მაისში პეტერბურგში რუსეთ-გერმანიის სამხედრო კონვენცია მოჰყვა. 6 ივნისს დაიდოს რუსეთ-ავსტრიის კონვენცია კონსულტატიური პაქტის სახით (ალექსანდრე II-ის და ფრანც-იოზეფ I-ის ხელმოწერით). რომელსაც 23 ოქტომბერს შეუერთდა გერმანია. ამით საფუძველი ჩაეყარა სამი იმპერატორის კავშირს.
1875 გერმანია-საფრანგეთის საომარი მდგომარეობა გორჩაკოვის დიპლომატიის მეშვეობით განეიტრალდა, საპასუხოდ ბისმარკი მხარს უჭერს ავსტრია-უნგრეთს 1877-78 რუსეთ-თურქეთის ომში. სან-სტეფანოს ზავის რევიზიაზე კი ანტირუსულ კურსს ადგას. 1879 ავსტრო-გერმანულმა შეთანხმებამ ევროპის მომავალ გახლეჩას დაუდო საფუძველი. მაგრამ სამი იმპერატორის კავშირი დროებით აღდგა 1881 წლის 18 ივნისის შეთანხმებით, რაც გამოწვეული იყო ბისმარკის მცდელობებით, ერთი მხრივ, ჩაეშალა რუსეთ-საფრანგეთის დაახლოება, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთის იზოლაციიდან გამოსვლა. რაც ბერლინის კონგრესის 1878 შემდგომ რუსეთისთვის სერიოზულ საშიშროებას ქმნიდა. ამას ერთოდა რუსეთის და ინგლისის მტრობაც. ეს შეთანხმება 1884 წლის 27 მარტს სამი წლის ვადით გაგრძელდა და სამ იმპერიას შორის ბულგარეთის საკითხთან დაკავშირებით გამოწვეული გართულებების გამო სამი იმპერატორის კავშირმა ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა.