სამწევრისი (სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში)
სამწევრისი — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის თემში. მდებარეობს მდინარე ბოლნისისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 640 მეტრზე. ბოლნისიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 299 კაცი.
სახელწოდება
თუ ადგილობრივ მცხოვრებთა შორის გავრცელებულ გადმოცემას დავუჯერებთ, უწინ აქ ყოფილა შესანიშნავი სანადირო ადგილები; ნადირობდნენ გარეულ ცხოველებზე მწევრებით და სოფლისთვისაც სამწევრისი შეურქმევიათო. სხვაგვარი გადმოცემით სამწევრისი სამწვერისი (სამი მთა, სამი წვერი) სიტყვისაგან ყოფილა წარმომდგარი.
ჩვენი ვარაუდით ტოპონიმ სამწევრისის ამოსავალი უნდა იყოს სიტყვა წერი – შავი მინერალური მასა, კუპრისფერი გამონადენი; იყენებდნენ და ამჟამადაც იყენებენ მეთუნეობაში საღებავად.
მინერალ წერს ქიზიყში წერნაქს უწოდებენ. სახელწოდება სამწევრისში მნიშვნელოვანი ფონეტიკური ცვლილებები მომხდარა. პირველ რიგში პრეფიქსი სა-, როგორც ეს ხშირად ხდება, მოსახლეობას რიცხვით სახელად (სამი) გაუაზრიანებია. რაც შეეხება წერ- ფუძეს, მასშიც მომხდარა ვ თანხმოვნის ჩართვა, – საფიქრებელია, ამ შემთხვევაშიც წევრ- სიტყვასთან გადააზრიანების გზით; ბოლოკიდური - ის სუფიქსი კი ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი საწარმოქმნო ელემენტია, რომელიც სისტემატურად იჩენს თავს ცენტრალური ქართლის ტოპონიმიაში მაშასადამე, სამწევრის-ი (სა-მ-წე(ვურ-ის-ი) ნიშნავს: „წერის (წერნაქის) შემცველი ადგილები“, „სოფელი, რომლის შემოგარენშიც მოიპოვება წერი“. სამწევრისის ზუსტი შესატყვისია ტოპონიმი სამწერის-ი (სოფელი ცენტრალურ ქართლში, ქარელის რ.), რომელშიც სამწევრისი-საგან განსხვავებით, ფუძეში სონორი ვ აღარ განვითარებულა, თუმცა სა- პრეფიქსთან მაინც უჩენია თავი -მ- თანხმოვანს. ჩანს, ქართულ დიალექტებში ერთობ ძლიერია სა- პრეფიქსის ძირთან შერწყმისა და მისი ერთ სიტყვად აღქმის ტენდენცია.