სამხედრო კომუნიკაციები
სამხედრო კომუნიკაციები - (ლათინური communico – ვაკავშირებ), გზები, რომლებიც განკუთვნილია ჯარების (ძალების) გადაადგილების, სხვადასხვა სახეობების მატერიალური საშუალებების ტრანსპორტირების, ყველა სახეობის ევაკუაციის განხორციელებისათვის. განასხვავებენ სახმელეთო, წყლისა და საჰაერო სამხედრო კომუნიკაციების.
სახმელეთო სამხედრო კომუნიკაციებია: რკინიგზის ხაზები, საავტომობილო გზატკეცილები და საბაგირო გზები, აგრეთვე მილსადენები.
წყლის სამხედრო კომუნიკაციებია: ოკეანის, ზღვის, მდინარის, ტბისა და სხვა გზები თავისი ნავსადგურებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობებითა და სანავიგაციო საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ნაოსნობის უსაფრთხოებას.
საჰაერო სამხედრო კომუნიკაციებია:თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისათვის განკუთვნილი საჰაერო ტრასები, აეროდრომები (დასაფრენი მოედნები), თვითმფრინავის მართვის და ფრენის უზრუნველყოფის სახმელეთო რადიოტექნიკური საშუალებები.
მნიშვნელობის მიხედვით სამხედრო კომუნიკაციები იყოფა სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ კომუნიკაციებად; კუთვნილების მიხედვით - ცენტრის (რომლებიც საომარი მოქმედებების თეატრს აკავშირებს ქვეყნის ეკონომიკურ რაიონებთან), დაჯგუფების (საფლოტო), საარმიო, საკორპუსო (სამხედრო-საზღვაო ბაზებისა) და საჯარისო (სადივიზიო, საბრიგადო, საპოლკო) კომუნიკაციებად; მიმართულების მიხედვით - ფრონტალურ (ზურგიდან ფრონტისაკენ) და როკადული (გარდიგარდმო, ფრონტის პარალელური) კომუნიკაციებად. სამხედრო კომუნიკაციების სისტემის განვითარება ხდება წინასწარ და მიმდინარეობს საომარი მოქმედებების დროს.