სამხედრო რეჟიმები
სამხედრო რეჟიმები − პოლიტიკურ რეჟიმთა უმრავლესობა, როგორც წესი, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და იდეოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებით ყალიბდება. თუმცა, მსოფლიოში მხოლოდ სამხედრო ძალაზე დამყარებული რეჟიმებიც არსებობს, ერთთავად. ძალადობასა და რეპრესიებზე რომ უჭირავთ თვალი. სამხედრო რეჟიმები ზოგადად ა„ავტორიტარული“ რეჟიმების ერთგვარ ნაირსახეობადაც შეიძლება ჩაითვალოს. სამხედრო ტიპის ავტორიტარიზმი ჩვეული ამბავი გახლდათ ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, სამხედრო დიქტატურამ ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთშიც იჩინა თავი. როგორც წესი, სამხედრო რეჟიმების დროს ძალაუფლება სამხედროთა ხელში გადადის — სამხედრო სარდლობის იერარქიაში მათი მდგომარეობის შესაბამისად; ამასთანავე, ჩვეული პოლიტიკური და კონსტიტუციური საქმიანობა შეჩერებულია, ხოლო პარლამენტი და პრესა, რომელთა მეშვეობითაც საჯარო ოპონირებაა შესაძლებელი, ან დასუსტებულია, ანდა სულაც აკრძალული.
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მმართველობის ნებისმიერი ფორმა რეპრესიულია, მათ შორის მაინც შესაძლებელია რამდენიმე ქვესახეობის გამოყოფა. ზოგიერთი სამხედრო რეჟიმის პირობებში არმია უშუალო კონტროლს ახორციელებს მთავრობაზე და ასეთი სახესხვაობის კლასიკურ ფორმას ლათინური ამერიკისათვის დამახასიათებელი სამხედრო ხუნტა წარმოადგენს: ესაა კოლექტიური სამხედრო მმართველობის ფორმა, როცა ყველა გადაწყვეტილებას სამხედრო მეთაურთა საბჭო იღებს. ჩვეულებრივ, იგი ჯარის სამი სახეობითაა წარმოდგენილი (სახმელეთო, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო). ხუნტაში ხშირად ხდება ხოლმე დაპირისპირება ზემოაღნიშნული ჯარების სარდლობათა შორის, რასაც ძალაუფლების ხელიდან-ხელში გადასვლა მოსდევს.
სამხედრო რეჟიმის მეორე ფორმა სამხედროთა მხარდაჭერით უზრუნველყოფილი პიროვნული დიქტატურაა. მსგავს შემთხვევაში წინა პლანზე ერთი რომელიმე პიროვნება გამოდის და მისი ქარიზმატული გავლენის საფუძველზე ე.წ. პიროვნების კულტი ყალიბდება. ამის მაგალითებად გამოდგებიან პოლკოვნიკი პაპადოპულოსი საბერძნეთში (1974-1980 წწ.), 1973 წლის გადატრიალების შემდეგ ჩილეს სათავეში მოსული გენერალი პინოჩეტი და გენერალი აბაჩა − ნიგერიაში(1993-1998 წწ.). და ბოლოს, ისეთი სამხედრო რეჟიმებიც არსებობს, როცა ხელისუფლების სიმყარეს შეიარაღებული ძალების ლოიალობა განაპირობებს, თუმცა თავად სამხედრო მეთაურები ჩრდილში რჩებიან და ასე აკონტროლებენ ვითარებას. სწორედ ამგვარი რამ მოხდა ბრაზილიაში 1945 წელს, როცა არმიამ, ხელისუფლებისათვის ლეგიტიმური სახის შესანარჩუნებლად, ამჯობინა პოლიტიკური და სამხედრო ორგანოები, ფორმალურად მაინც, ურთიერთგამიჯნული დაეტოვებინა. ოღონდ ამგვარმა გამიჯვნამ, შესაძლოა, შემდგომში უკვე რეალური კონსტიტუციური და წარმომადგენლობითი პოლიტიკური ინსტიტუტების მოთხოვნილებაც გააჩინოს, სამხედრო რეჟიმის უშუალო გავლენა შეასუსტოს და პოლიარქიული ტენდენციებიც წაახალისოს.