სამხედრო ფსიქოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ფსიქოლოგია საქართველოში - Military Psychology in Georgia - Военная Психология в Грузии
(ბერძ. psychё სული + logos მცოდნეობა, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში სამხედრო ფსიქოლოგია. მისი დაარსება მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობამ განსაზღვრა. 1941 წლის დასაწყისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან შექმნილი ფსიქოლოგიის სექტორის, ხოლო 1943 წლიდან ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მუშაობა ომის მდგომარეობის გათვალისწინებით წარიმართა.

ჩვენში სამხედრო ფსიქოლოგიის დარგში კვლევას რამდენიმე მიმართულება ჰქონდა. განხორციელდა ფაშიზმის ფენომენის ანალიზი. დ. უზნაძემ ფაშიზმის რასობრივ თეორიას ორი სტატია მიუძღვნა. შეისწავლებოდა საომარი მოქმედების, მებრძოლთა სიმამაცის, ნებისყოფის გამომუშავების ფსიქოლოგიური საფუძვლები (რევაზ ნათაძე, ალექსანდრე მოსიავა, დარეჯან რამიშვილი, ზოსიმე ხოჯავა]; შესრულდა პირველ მსოფლიო ომში სამხედრო ფსიქოლოგიის როლის საინტერესო ანალიზი (ფატი ხუნდაძე). ცალკე აღნიშვნის ღირსია ა. ფრანგიშვილის დიდი გამოკვლევა პანიკის ფსიქოლოგიის შესახებ (1943). ომის ისტორიის მდიდარი მასალის ანალიზზე დამყარებული ეს ნაშორმი მნიშვნელოვან თეორიულ განზოგადებებს შეიცავს სამხედრო ფსიქოლოგიის თვალსაზრისით და არსებითად, ინდივიდუალური შიშის განცდისა და პანიკის, როგორც მასობრივი (სოციალური) მოვლენის გამიჯვნასთან არის დაკავშირებული. ამავე დროს, ეს იყო არსებითად პირველი სოციალურ ფსიქოლოგიური გამოკვლევა საბჭოთა კავშირში.

დიდი სამეცნიერო-პრაქტიკული სამუშაო მიმდინარეობდა ი. ბჟალავას ხელმძღვანელობით თბილისის სპეციალურ ფსიქონევროლოგიურ ცენტრში (ევაკოჰოსპიტალში), რომლის გახსნის მთავარი ინიციატორი დ. უზნაძე იყო. ამ სამუშაომ არა მარტო რეალური დახმარება გაუწია დიდი რაოდენობის დაჭრილებს, არამედ საფუძვლად დაედო სამხედრო ფსიქოპათოლოგიის საკითხების მთელი კომპლექსის დამუშავებას. პოსტკომოციურ დარღვევებს და სამხედრო ნევროზებს მიეძღვნა იოსებ ბჟალავას, ნინო ელიავას, რ. ნათაძის და ვლადიმერ ნორაკიძის გამოკვლევები, რომელთაც მაღალი შეფასება დაიმსახურეს. მოგვიანებით ამ მასალაზე დაყრდნობით კვლევა გაგრძელდა განწყობის ფსიქოპათოლოგიის სფეროში და დაგვირგვინდა ი. ბჟალავას და ა. ლურიას ცნობილი ნაშრომით „ფიქსირებული განწყობა თავის ტვინის ლოკალურ დაზიანებათა დროს” (1949).

შემდგომში მუშაობა სამხედრო ფსიქოლოგიის მიმართულებით ჩვენში აღარ გაგრძელებულა. დღეს ქართულ ჯარს, რომელმაც მძიმე ომი გადაიტანა და კვლავაც მონაწილეობს საერთაშორისო სამხედრო მისიებში მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში, სამხედრო ფსიქოლოგია უთუოდ დიდ სამსახურს გაუწევდა. ქართული საზოგადოების ამ მნიშვნელოვან რგოლში უკვე აქა-იქ გამოჩნდნენ ფსიქოლოგები. თავდაცვის სამინისტროსთან შექმნილია ფსიქოლოგთა ჯგუფი, რომელმაც რამდენიმე უცხოური ტესტის ადაპტაცია მოახდინა და აპირებს, ჩაერთოს გარკვეული პრობლემების სისტემურ მოწესრიგებაში. მაგრამ გამართული ფსიქოლოგიური სამსახურის, როგორც სისტემის ორგანიზება, რომელიც სამხედრო ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს, ჯერ კიდევ მომავლის საქმეა. საფიქრებელია, რომ ნატოს სტანდარტებისკენ სწრაფვა ამ დარგის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები