სარაევოს ზამთრის XIV ოლიმპიური თამაშები (1984)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზამთრის XIV ოლიმპიური თამაშები

სარაევოს ზამთრის XIV ოლიმპიური თამაშები – ზამთრის XIV ოლიმპიური თამაშები ჩატარდა იუგოსლავიაში, სარაევოში 1984 წლის 8-19 თებერვალს.

1984 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლაში პირველივე მცდელობაზე სარაევოს კანდიდატურის გამარჯვება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს იყო ზედიზედ მეორე თამაშები მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ, რომელიც სოციალისტურ ქვეყანაში ჩატარდა.

წარწერის ტექსტი

ოლიმპიადის ჩატარებით სარაევოს მოდერნიზების, იუგოსლავიას კი ზამთრის სპორტის განვითარების შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ 1992 წელს ბოსნია ჰერცეგოვინაში გაჩაღებული ომის გამო, სარაევოს ოლიმპიური ობიექტები ნანგრევებადაც იქცა, იუგოსლავია კი რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა.

გახსნის ცერემონიაზე თავდაყირა აღმართული ოლიმპიური დროშა

ოლიმპიადის ერთადერთი პრობლემა არამდგრადი ამინდი და ძლიერი ქარი იყო, რის გამოც რამდენიმე დღით გადაიდო მოთხილამურეთა ასპარეზობები. უყურადღებოდ არ დარჩენილა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე თავდაყირა აღმართული ოლიმპიური დროშა, სხვა შემთხვევებში კი თამაშები ჩვეული რიტმით წარიმართა და არაერთი ისტორიული შედეგიც დაფიქსირდა.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი ჰქონდა ეგვიპტეს, მონაკოს, პუერტო რიკოს და სენეგალს, ხოლო ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებმა ზოგადად ოლიმპიადებში მონაწილეობა სარაევოდან დაიწყო. ტაივანი, რომელიც აქამდე ჩინეთის რესპუბლიკის სახელით გამოდიოდა, პირველად წარდგა ჩინეთის ტაიბეის სახელით.

ოლიმპიურ პროგრამაში პირველად შეიტანეს 20 კილომეტრზე თხილამურებით ქალთა ასპარეზობა. ბარის თხილამურობაში გათამაშებული მედლების 4 კომპლექტიდან 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ფინელმა მარია-ლიზა ჰიამიალიაინენმა. მათ შორის 3 ინდივიდუალური ოქროა 5, 10 და სადებიუტო 20 კილომეტრზე რბოლებში, მეოთხე მედალი კი 4X5 კმ ესტაფეტაში მოიპოვა. ამგვარი შედეგით ფინელი თამაშების ყველაზე წარმატებული სპორტსმენი გახდა. ვაჟებში 4 მედალი მოიპოვა შვედმა გუნდე სვანმა, მათ შორის 2 ოქროს, თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი. ბიატლონში სამივე ხარისხის მედალი დაიმსახურა ნორვეგიელმა ეირიკ კვალფოსმა.

წარწერის ტექსტი

ქალთა ციგურებით რბოლა აღმოსავლეთგერმანელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. გდრ-ის წარმომადგენლებმა 500, 1000, 1500 და 3000 მეტრზე გათამაშებული ოქრო-ვერცხლი სრულად დაისაკუთრეს და ამ მონაგარს ერთი ბრინჯაოც მიათვალეს. 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი კარინ ენკეს ანგარიშზეა, ვინც 1500 მეტრზე მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა. ვაჟებში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა კანადელი გაეტან ბუშე – 2 ოქრო და 1 ბრინჯაო.

ასევე გდრ-ს წარმომადგენელთა კარნახით წარიმართა ბობსლეისტთა ასპარეზობებიც. ორ და ოთხკაციანი ბობიკებით ოქრო-ვერცხლი სწორედ მათ დარჩათ. ამასთან, ოთხკაციანი ეკიპაჟით აღმოსავლეთგერმანელებმა ზედიზედ მესამე ოლიმპიადის ოქროს მედლები დაისაკუთრეს.

ფიგურულ ციგურაობაში ჩემპიონობით მომავალ დიდ წარმატებებს დაუდო სათავე აღმოსავლეთგერმანელმა კატარინა ვიტმა. მთლიანობაში ოქროს მედლები 4 ქვეყნის წარმომადგენლებმა გაინაწილეს. სამოყვარულო სპორტის წესებმა არაერთი გაპროფესიონალებული სამთომოთხილამურე ოლიმპიადის მიღმა დატოვა, მათ შორის, წინა თამაშების ორგზის ჩემპიონები – შვედი ინგემარ სტენმარკი და ლიხტენშტაინელი ჰანი ვენცელი.

სამთომოთხილამურეთა ასპარეზობებში 2 მედლის – ვერცხლისა და ბრინჯაოს მოპოვება შეძლო ფრანგმა პერინ პელენიმ, სლალომისტთა შორის პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს ტყუპმა ძმებმა – ფილ და სტივ მარებმა, ხოლო მასპინძელმა იუგოსლავიამ ზამთრის ოლიმპიადების პირველი მედალი (ვერცხლი) გიგანტურ სლალომში მოიპოვა.

სარაევოს თამაშები ისტორიული იყო სენეგალელი ლამინ გუეიესთვისაც. იგი პირველი ფერადკანიანი აფრიკელი მოთხილამურე აღმოჩნდა, ვინც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა.

ავსტრიელთათვის სწრაფდაშვებაში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი სარაევოში დამსახურებული ერთადერთი ჯილდო აღმოჩნდა, ხოლო აღმოსავლეთ გერმანია ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში პირველად, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლით (9 ოქრო, 9 ვერცხლი, 6 ბრინჯაო) პირველ ადგილზე გავიდა.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები