სარდურ II
სარდურ II – ურარტუს მეფე (ძვ. წ. 760-730). მეფობის დასაწყისში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა ასურელებთან ბრძოლაში, რამდენჯერმე დაამარცხა ასურნირარ V, მაგრამ მოპოვებული წარმატება ბოლომდე ვერ შეინარჩუნა. ტიგლათფილესერ III-თას დაპირისპირებისას სერიოზული მარცხი განიცადა. ასურელები ურარტუს საზღვრებში შეიჭრნენ და დედაქალაქ ტუშფას მიადგნენ. სარდურ II-მ დაპყრობილი ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგა. ასურეთის გარდა ის ბრძოლებს აწარმოებდა ურარტუს ჩრდილოეთით მცხოვრები ხალხების წინააღმდეგაც. მის წარწერებში ვრცელი ცნობებია შემონახული კულხას (კოლხეთის) ქვეყანაში გამართულ ლაშქრობათა შესახებ. სარდურ II სიამაყით აცხადებს, რომ აიღო კულხას სამეფო, ქალაქი ილდამუსა, გადაწვა და დაანგრია მისი კედლები, გაანადგურა ქვეყანა, ხოლო მცხოვრებნი დაატყვევა. სარდურ II-ის ცნობები ნათელს ხდიან, რომ კოლხებს ძვ. წ. VIII საუკუნეში ჰქონიათ გალავანშემოვლებული ქალაქები.