ტიგლათფილესერ III
ტიგლათფილესერ III - (ძვ.წ. 745-727) – ასურეთის მეფე. ტიგლათფილესერ III-მ ძალაუფლება სამოქალაქო ომის შემდეგად ჩაიგდო ხელში. თავისი მეფობის დასაწყისში მან ასურეთში რიგი რეფორმები გაატარა, რამაც ხელი შეუწყო მისი მმართველობის განმტკიცებას და ასურეთის იმპერიის სიძლიერეს.
მეფემ ასურეთის დიდი იმპერია უამრავ პროვინციად დაანაწილა და თითოეულს მმართველი დაუყენა, რითაც გაამარტივა უშველებელი ტერიტორიის მართვა. ტიგლათფალასარმა არმიაშიც მოახდინა რეფორმა. არმია შეივსო მოხალისეებით და სამხედრო კოლონისტებით. რასაც ემატებოდა მეფის რეგულარული ჯარის ნაწილები. ასურელები ჯარს შესანიშნავად წვრთნიდნენ და აიარაღებდნენ რკინის მტკიცე იარაღით. ასურელები იყვნენ პირველები მსოფლიოში, ვინც მასშტაბურად გამოიყენეს რკინის შეიარაღება. ასურელებს მიეწერება ასევე რეგულარული ჯარის ორი ახალი ტიპის შენაერთის, რეგულარული კავალერიისა და შავი სამუშაოს შემსრულებლების ჩამოყალიბება. კავალერიამ წარმატებით ჩაანაცვლა საბრძოლო ეტლები. ცხენოსნებს უფრო სწრაფი, მოულოდნელი და ძლიერი დარტყმის მიყენება შეეძლოთ ვიდრე ეტლოსნებს. ბრძოლიდან გაქცეულ მტერსაც სწორედ კავალერია მისდევდა. შავი სამუშაოს შემსრულებელი ჯარისკაცები ბევრად აიოლებდნენ ჯარის გადაადგილებას, ისინი აკეთებდნენ გზებს, ხიდებს, ალყის დროს მიწაყრილებს, სამხედრო მანქანებსაც კი. ასურეთის არმიას გააჩნდა იმ დროის ყველაზე თანამედროვე საალყო შეიარაღება: საალყო კოშკები, კატაპულტები და ტარანები. ჯარს ჩვეულებრივ ტახტის მემკვიდრე მეთაურობდა.
მეფე ტიგლათფალასარ III იმპერიის შორეული კუთხეებიდან ხალხს ცენტრალურ რაიონებში კომპაქტურად ასახლებდა, ხოლო ვინც გადაწყვეტდა თავის სამშობლოში დარჩენას, მას დიდი გადასახადები უნდა ეხადა.
ტიგლათფილესერ III კარგი მხედართმთავარი იყო და მისი მეთაურობით ასურელებმა რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა აწარმოეს. პირველი ლაშქრობა მეფემ ბაბილონის დასახმარებლად გამართა. მან ქალდეველები და ელამელები სასტიკად დაამარცხა, ხოლო ტყვეების დიდი ნაწილი ასურეთში გადაასახლა. ამის შემდეგ ბაბილონი ტიგლათფალასარის ვასალი გახდა და მეფემ ასურეთის მეფის ტიტულის გარდა „შუმერისა და აქადის“ მეფის ტიტულიც მიიღო. ამის შემდეგ ასურელებმა ილაშქრეს აღმოსავლეთით და დაიპყრეს რამდენიმე პატარა სახელმწიფო. მათთან ბრძოლა არც ისე ადვილი აღმოჩნდა, რადგან მტერი მთებში იყო გახიზნული და იქიდან პარტიზანული გამოხტომებით ცდილობდა თავის ქვეყნის გადარჩენას. საბოლოოდ ტიგლათფალასარმა გაიმარჯვა და ზოგიერთი ამ ქვეყნის მეფე ტყვედ აიყვანა. ასურელებისგან თავის გადასარჩენად ზოგიერთმა აღმოსავლეთის სამეფომ დიდი ხარკი იკისრა. ამის შემდეგ ტიგლათფილესერ III-მ თავისი უძლეველი არმია ურარტუს სამეფოსკენ მიმართა. მან ძვ.წ. 743 წელს, არპადის ბრძოლაში გაანადგურა ურარტუს მეფე სარდური მისთვის მოკავშირეებთან ერთად. ამ ბრძოლის შემდეგ მან დიდი სიმდიდრე მოიხვეჭა არპადთან დამარცხებული ურარტუს მოკავშირეებისგან. ასურელებს ხარკი მოართვა იუდეის მეფე ახაზისგან.
ძვ.წ. 739 წელს ასურეთის ძლევამოსილი მეფე აჯანყებულ სამეფოებს ებრძოდა და გამარჯვებაც მოიპოვა, ხოლო ძვ.წ. 737 წელს ილაშქრა მიდიაში. ძვ.წ. 736 წელს კი ასურეთის ჩრდილოეთ საზღვრები გაამაგრა და იქ მცხოვრები ტომები დაიმორჩილა.
ძვ.წ. 735 წელს ტიგლათფილასარმა კვლავ გაილაშქრა ურარტუს მეფის, სარდურ II-ის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. ასურელებმა დაამარცხეს სარდური და შეიჭრნენ მის ტერიტორიაზე. ტიგლათფალასარმა ურარტუს მიწების დიდი ნაწილი წაართვა და ასურეთს მიუერთა.
ურარტუს შემდეგ ასურელებმა ილაშქრეს სირიასა და ქანაანში, სადაც ისრაელის მეფე ფეკახმა და არამის მეფე რეცინმა კავშირი შეკრეს ტიგლათფილესერ III-ის წინააღმდეგ. მათ მხარეს იყვნენ ედომისა და ღაზის მეფეებიც. მოკავშირეებმა ვერ მოახერხეს იუდეის დაყოლიება კავშირისთვის მხარდასაჭერად და ალყა შემოარტყეს მის დედაქალაქ იერუსალიმს. იუდეის მეფე ახაზმა დახმარება სთხოვა ასურელებს. ძვ.წ. 734 წელს ტიგლათფალასარ III-მ ძლიერი დარტყმა მიაყენა მოკავშირეებს და აიძულა ისინი იუდეას გასცლოდნენ.
ძვ.წ. 733-732 წლებში ასურელები არამელებს ებრძოდნენ. მათ აიღეს არამის დედაქალაქი დამასკო, რეცინი მოკლეს და სირია დაიპყრეს. ტიგლათფილესერ III-მ ხელი შეუწყო ისრაელში ამბოხის გაღვივებას. აჯანყებულებმა მოკლეს მეფე ფეკახი და ტახტზე ასურეთის მომხრე ოსია დასვეს. ყველა სხვა ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფომ ასურეთს დიდი ხარკი მიართვა.
ძვ.წ. 731 წელს ასურელებმა ილაშქრეს ბაბილონში, დაამარცხეს ქალდეეელები და 154000 ქალდეეელი ტყვედ წაიყვანეს ამის შემდეგ ტიგლათფალასარმა კიდევ რამდენიმე მცირე ლაშქრობა მოაწყო.
ასურეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხელმწიფე ძვ.წ. 727 წელს გარდაიცვალა 18 წლიანი მმართველობის შემდეგ.