სარიშვილი რენა
რენა სარიშვილი – ქართველი მწერალი და პოეტი, დაიბადა ქალაქ ბათუმში 1938 წლის 11 ნოემბერს. 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის №8 რუსული საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და დაამთავრა სამკერვალო მრეწველობის ინჟინერ-ტექნოლოგის განხრით.
1961 წლის სექტემბერში აირჩიეს საქართველოს ალკკ ბათუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად, 1962 წლის თებერვალში კომკავშირის აჭარის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად, 1965 წელს კი პირველ მდივნად. შემდეგ მუშაობდა პარტიის ხელვაჩაურის რაიკომის პირველ მდივნად, პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის მდივნად.
1978 წლის მარტიდან რენა სარიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრია.
არჩეული იყო მე-7, მე-8, მე-9 მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
1975 წლიდან 1979 წლამდე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.
გამოცემული აქვს წიგნები: „მე ისეთი სახლი მინდა…“ (ლექსების კრებული, 2012), „სიყვარულის ზღაპრები“ (ორი ზღაპარი, 2013), „რითაც სული სავსეა“ (ლექსთა კრებული, 2017).
რენა სარიშვილის სახელთანაა დაკავშირებული აჭარაში ბავშვთა ფონდის შექმნა, რომლის უცვლელი პრეზიდენტი იყო 26 წლის განმავლობაში. მანვე გახსნა ბათუმში ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ცენტრი. იგი ერთ-ერთი დამფუძნებელია ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის „სოროპტომისტ ინტერნაციონალისა“.
დაჯილდოებულია ოთხი ორდენითა და სამი მედლით. მინიჭებული აქვს აკაკი წერეთლისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიები.
მინიჭებული აქვს დიპლომატის I რანგის წოდება.