საფრანგეთის თანამეგობრობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საფრანგეთის თანამეგობრობა – საფრანგეთისა (მეტროპოლია, ასევე „ზღვისიქითა დეპარტამენტები და ტერიტორიები”) და აფრიკის რიგი სახელმწიფოების (საფრანგეთის ყოფილი კოლონიების) თანამეგობრობა. შეიქმნა 1958 საფრანგეთის კოლონიური იმპერიის დაცემის პირობებში. შეცვალა საფრანგეთის კავშირი, რომელიც საფრანგეთის 1946 კონსტიტუციის მიხედვით მართვის ფორმას წარმოადგენდა იმ კოლონიებში, რომელთაც გარკვეული დამოუკიდებლობა ჰქონდათ მოპოვებული საშინაო საკითხების გადაწყვეტისას, მაგრამ ექვემდებარებოდნენ კოლონიური პოლიტიკის ძირითად სისტემას და დაპყრობილ ქვეყნებში არსებულ საფრანგეთის სუვერენიტეტს.

საფრანგეთის 1958 კონსტიტუციით, საფრანგეთის თანამეგობრობის პრეზიდენტად ითვლებოდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი: მის ორგანოებად – აღმასრულებელი საბჭო, სენატი და საარბიტრაჟო სასამართლო. საფრანგეთის თანამეგობრობის აღიარებისა და 1958 წლის ბოლოს რეფერენდუმის ჩატარების შედეგად, გაერთიანებაში შევიდა საფრანგეთის კოლონიების ყველა აფრიკელი წევრი (გარდა გვინეისა, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო). 1960 ისინი თანდათან დამოუკიდებლები გახდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის კონსტიტუციაში იმავე წელს იქნა შეტანილი დამატება, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის თანამეგობრობაში დამოუკიდებელი სახელმწიფოებიც შედიან, მათს საშინაო პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, განათლების, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ა.შ. საკითხებში საფრანგეთთან ურთიერთობა არჩიეს ორ და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე. ფაქტობრივად საფრანგეთის თანამეგობრობამ არსებობა შეწყვიტა, თუმცა, ფორმალურად, ლიკვიდირებული არ არის.

1984 წლის 1 იანვრიდან საფრანგეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში „ზღვისიქითა დეპარტამენტის“ სტატუსით შედის: გვადელუპა, გვიანა, მარტინიკა, რეიუნიონი: „ზღვისიქითა ტერიტორიების” სტატუსით – ახალი კალედონია, საფრანგეთის პოლინეზია, უოლისი და ფუტუნა. საფრანგეთის სამხრეთი და ანტარქტიკული მიწები (კერგელენის არქიპელაგი, კროზეს კუნძულები, სეს-პოლის ნავსადგური, ახალი ამსტერდამი, ადელის მიწა). სენ-პიერის, მიკელოსისა და მაორეს (ყოფ. მაიოტის) კუნძულები (კომორის კუნძულების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელთაც დამოუკიდებლობა 1975 წლის ივლისში მიიღეს; მაიოტის მოსახლეობის უმრავლესობამ საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მოწყობილ რეფერენდუმში მხარი დაუჭირა საფრანგეთთან ურთიერთობის შენარჩუნებას და უარი თქვა კომორის კუნძულების ფედერაციულ ისლამურ რესპუბლიკასთან შეერთებაზე) განსაკუთრებული „ტერიტორიული ერთეულის“ სტატუსით სარგებლობენ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები