სახალხო კრება ეგრისში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„სახალხო კრება“ ეგრისში – 555, ეგრისელების შეკრების მიზეზი იყო ბიზანტიელი სარდლების მიერ ეგრისის მეფე გუბაზ II-ის ვერაგული მკვლელობა. ამ აქტით აღშფოთებულმა ეგრისელებმა შეკრებაზე დასვეს საკითხი იმის შესახებ, თუ ვის მიმხრობოდნენ – ისევ ბიზანტიელებთან დარჩენილიყვნენ, თუ ირანელების მხარეზე გადასულიყვნენ. კრებაზე არაერთი ეგრისელი გამოსულა სიტყვით. ნაწილი ეგრისელებისა ბიზანტიელების, ხოლო მეორე ნაწილი ირანელების მომხრეობას უჭერდა მხარს. შეკრებილთ სიტყვით მიმართა ლაზმა წარჩინებულმა, ირანული ორიენტაციის მომხრე აიეტმა. გარდა იმისა, რომ ეგრისელები მომხდარი ფაქტის გამო ძალზე განაწყენებულნი იყვნენ ბიზანტიელებზე, მათზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა აიეტის მჭევრმეტყველებამ, რომ უმალ ირანელების მხარეზე გადასვლა გადაწყვიტეს. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მეორე ლაზი წარჩინებული, პრობიზანტიური ორიენტაციის მომხრე ფარტაზი (ფარტაძი). ორატორმა ყრილობას საკმაო ლოგიკურობითა და არგუმენტაციით დაუსაბუთა, რომ მიუხედავად შექმნილი რთული ვითარებისა, რადგან სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდათ ეგრისელებს, ირანელების მხარეზე გადასვლას ბიზანტიელებთან მორიგება და მათთან დარჩენა ჯობდა, ფარტაზმა თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად სხვა არგუმენტებთან ერად უპირველეს ყოვლისა დაასახელა ეგრისელებისა და ბიზანტიელების ერთმორწმუნეობა. შეკრებილთ ურჩია, მოეთხოვათ ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-თვის დაესაჯა გუბაზ მეფის მკვლელები და ეგრისის სამეფო ტახტზე სხვა ვინმე კი არა, გუბაზის უმცროსი ძმა წათე დაემტკიცებინა, რომელიც იმ დროს ბიზანტიაში იმყოფებოდა. ფარტაზის აზრით, თუ იუსტინიანე ამ პირობებს არ შეასრულებდა, მაშინ უნდა ეზრუნათ ეგრისელებს ორიენტაციის შეცვლაზე. კრებამ ფარტაზის რჩევა მიიღო და ბიზანტიაში ელჩობა მიავლინა. იუსტინიანე I-მა ლაზი ელჩობის ყველა წაყენებული მოთხოვნა დააკმაყოფილა.


იხილე აგრეთვე

ეგრისის დიდი ომი 542-562

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები