სერდაბი
სერდაბი – კამერა სამარხში, სადაც ათავსებდნენ სხეულის შემცვლელ ქანდაკებებს. საკულტო განყოფილებასთან დაკავშირებული იყო სარკმლით, რომელიც ქანდაკების თვალების დონეზე იჭრებოდა იმისათვის, რომ იქ მოთავსებულ ქანდაკებებს შესაწირი „დაენახათ“. სერდაბის როლს თამაშობდა ასევე დასაკრძალი ოთახის ერთ კედელში დატოვებული ამოუშენებელი სივრცე, საიდანაც გარდაცვლილს შესაწირთან მისასვლელი უნდა ჰქონოდა.
სერდაბი თავიდან მხოლოდ მეფეებს ჰქონდათ, მაგრამ თანდათან კერძო პირების სამარხებშიც დაიმკვიდრა თავი. სერდაბის საჭიროება წარმოშვა წარმოდგენამ კას შესახებ. კა იყო სასიცოცხლო ძალა, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას გააჩნდა. გარდაცვალების შემდეგ არსებობის გაგრძელებას კა უზრუნველყოფდა, მაგრამ მას ამისათვის მედიუმი სჭირდებოდა. რადგან სხეული, მუმიფიცირების მიუხედავად, შეიძლებოდა დაზიანებულიყო, ეგვიპტელები გარდაცვლილს სამარხში უძველესი დროიდან მის გამოსახულებას ატანდნენ. განსაკუთრებულ შემთხვევაში სერდაბი მრავალი კამერისაგან შედგებოდა (მაგ. ჯოსერთან). ეგვიპტელები სერდაბს „ქანდაკების სახლს“ (pr twt) ან „კას სახლს“ (pr k3) ეძახდნენ.