სეხემხეტი
სეხემხეტი – (ეგვ. „სხეულით ძლიერი“, დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2611-2603 წწ.), III დინასტიის ეგვიპტის ფარაონი, სავარაუდოდ, ჯოსერის მემკვიდრე. უცნობია, ჰქონდა თუ არა რაიმე ნათესაური კავშირი - ჯოსერთან, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ ჯოსერის ქალიშვილების სახელებია ცნობილი. ვარაუდობენ, რომ ტახტზე ერთ-ერთ მათგანთან ქორწინებით ავიდა, რადგან ფარაონს მემკვიდრე არ ჰყავდა.
სეხემხეტის მეფობა ძალიან ბუნდოვანია. ნაპოვნია მისი ორი წარწერა ვადი მაგარას სამტეხლოებთან სინაის ნახევარკუნძულზე. სავარაუდოდ, მოულოდნელად გარდაიცვალა, რადგან მისი პირამიდა დაუსრულებელია. მაგრამ მასთან თავისებური საიდუმლოა დაკავშირებული. გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ეგვიპტელმა არქეოლოგმა ზ. გონეიმმა აღმოაჩინა სეხემხეტის საფეხუროვანი პირამიდა. პირამიდაც და დიდი გალავანი მის ირგვლივ ქვიშებში იყო ჩაფლული. როცა არქეოლოგებმა მიაღწიეს დასაკრძალ ოთახს, იქ აღმოჩნდა შესანიშნავი ალებასტრის სარკოფაგი, რომელიც დალუქული იყო. სარკოფაგზე ეწყო ყვავილები, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკრძალვის ცერემონიის დროს დააწყვეს. მაგრამ ლუქის ახსნის შემდეგ სარკოფაგი ცარიელი აღმოჩნდა. სეხემხეტის ცარიელი სარკოფაგის საიდუმლო დღემდე ელოდება ახსნას.