სვეტონიუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაიუს სვეტონიუს ტრანქვილუსი

გაიუს სვეტონიუს ტრანქვილუსი – (ლათ. Gaius Suetonius Tranquillus; დ. დაახლოებით 70 – გ. დაახლ 160) — რომაელი ისტორიკოსი, ენციკლოპედისტი, მწერალი, იურისტი და ბიოგრაფი.

ბიოგრაფია

ბიოგრაფიული ცნობები სვეტონიუსის შესახებ მცირეა; მათი ნაწილი გაბნეულია თვით მწერლის ნაწარმოებებში, ზოგიერთი შემონახულია პლინიუს უმცროსის წერილებში, ზოგიც III საუკუნის მწერლის სპარტიანუსის ნაწარმოებში. ამ არასრული და ფრაგმენტული მონაცემების მიხედვით შესაძლებელი ხდება სვეტონიუსის ბიოგრაფიის ძირითადი მომენტების დადგენა.

იგი დაიბადა რომში, არა უგვიანეს ახ. წ. 70 წლისა, შეძლებულ ოჯახში, რომელიც ეკუთვნოდა მხედრულ წოდებას, მიიღო მაღალი განათლება. ლათინურთან ერთად საფუძვლიანად ფლობდა ბერძნულ ენას და დიდ ინტერესს იჩენდა ლიტერატურისადმი. დამაჯერებელი ფაქტებით დასტურდება, რომ სვეტონიუსი ახლოს იყო პლინიუს უმცროსთან და ამ მეგობრობას ლიტერატურისადმი საერთო ინტერესი ასაზრდოებდა. პლინიუსთან მეგობრობამ უაღრესად დადებითი როლი შეასრულა სვეტონიუსის ცხოვრებაში – მის ოჯახში ეცნობოდა თავისი დროის გამოჩენილ ადამიანებს, მაგალითად ისტორიკოს ტაციტუსს, რამაც გარკვეული გავლენა იქონია მის ისტორიოგრაფიული შეხედულებების ჩამოყალიბებაზე.

პლინიუს უმცროსის წერილებში დაცულია ცნობები სვეტონიუსის სამსახურებრივი კარიერის შესახებ. ერთ-ერთი წერილის (97 წ.) მიხედვით სვეტონიუსი ეწეოდა სასამართლო საქმიანობას. პლინიუსის უფრო მოგვიანო წერილიდან (101 წ.) ირკვევა, რომ სვეტონიუსი ეძიებდა ტრიბუნის თანამდებობას, მაგრამ გადაიფიქრა და თანამდებობა დაუთმო თავის ნათესავს, ამის მიზეზი იყო მწერლის სურვილი დასახლებულიყო თავის ქალაქგარე მამულში და თავისუფალი დრო გამოეყენებინა ლიტერატურული და მეცნიერული საქმიანობისათვის.

ტრაიანეს მმართველობის დროს სვეტონიუსი აღწევს დიდ წარმატებას. შემდეგ ინიშნება იმპერატორ ადრიანეს ერთ-ერთ მდივნად, ე. წ. „წერილების გამგებლად“. ეს მაღალი თანამდებობა, რომელიც სვეტონიუსმა მიიღო არა მარტო ლიტერატურული განათლების წყალობით, არამედ გავლენიანი მეგობრების დახმარებით, მას ეჭირა 119-121 წლებში. შემდეგ მწერალი, გაურკვეველი მიზეზების გამო, გათავისუფლებულ იქნა ამ თანამდებობიდან. სვეტონიუსის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. გარდაცვლილი უნდა იყოს დაახლოებით 160 წლის ახლო ხანებში.

ამრიგად, სვეტონიუსის ბავშვობისა და ჭაბუკობის წლები დაემთხვა ვესპასიანეს, ტიტესა და დომიციანეს მმართველობას ხოლო მოღვაწეობა მოუხდა ტრაიანესა და ადრიანეს დროს, ე. ი. იმ ეპოქაში, როდესაც რომის საზოგადოების უმაღლესი ფენები სავსებით შეურიგდნენ ერთპიროვნულ ძალაუფლებას.

ამრიგად, სვეტონიუსის მოღვაწეობა დაემთხვა რომის იმპერიის იმ პერიოდს, როდესაც დამკვიდრდა „აზრის თავისუფლება“, ოღონდ იგი არ უნდა ყოფილიყო მიმართული არსებული პოლიტიკური წყობილების წინააღმდეგ. მეორე მხრივ, ეს გარკვეულ გასაქანს აძლევდა გონებრივი შრომის ადამიანებს და მეტ–ნაკლებად უქმნიდა მათ სამოღვაწეო ასპარეზს. მათ რიცხეს ეკუთვნოდა გაიუს სვეტონიუს ტრანქვილუსიც, რომლის პოლიტიკურ იდეალსაც შეადგენდა არა რესპუბლიკური წარსული, არამედ ერთმმართველობა, რომელსაც განასახიერებდა კარგი იმპერატორი.

შემოქმედება

სვეტონიუსი ფართო განათლებისა და მრავალმხრივი მეცნიერულ-ლიტერატურული ინტერესების ისტორიკოსი იყო. როგორც დავინახეთ, თავის დროზე მან ხელი აიღო სამხედრო კარიერაზე და სოფლად ცხოვრება არჩია, რათა მეტი დრო ჰქონოდა შემოქმედებითი მუშაობისათვის, საყურადღებოა პლინიუს უმცროსის ერთ-ერთი წერილი, რომელშიც ის სთხოვს თავის მეგობარს აყიდვინოს სვეტონიუსისათვის მამული, სწორედ ისეთი, როგორიც „შეეფერება სწავლულ ადამიანს“, ცხადია, რომ მაღალი საკანცელარიო სამსახურის მიღებაც ისტორიკოსის შეგნებული ნაბიჯი იყო, ნაკარნახევი წმინდა მეცნიერული ინტერესებით – მას სურდა ახლოს გასცნობოდა საიმპერატორო არქივს, სადაც ბევრი ძვირფასი დოკუმენტური მასალა უნდა ყოფილიყო.

სვეტონიუსის შემოქმედება მეტად მრავალფეროვანია. ბიზანტიელი ლექსიკოგრაფის სვიდას მიხედვით, მას დაწერილი ჰქონდა ნაწარმოებები ისტორიულ, ფილოლოგიურ, ლინგვისტურ, რიტორიკულ და სხვა საკითხებზე. მათგან ჩვენამდე შემორჩა მხოლოდ „თორმეტი ცეზარის ცხოვრება“ 8 წიგნად და ტრაქტატი „გრამატიკოსებისა და რიტორების შესახებ“. პირველი მათგანი დიდი ისტორიოგრაფიული ღირებულებისაა. იგი ყველაზე სრული სახითაა შემონახული: აკლია მხოლოდ დასაწყისი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ შეიცავდა მიძღვნას სეპტიციუს კლარუსისადმი და იულიუს ცეზარის ბიოგრაფიის დასაწყისს. თხზულება დაწერილია 121 წელს.

„თორმეტი ცეზარის ცხოვრება“ შემონახულია რამდენიმე ნუსხის სასით, რომელიც სათავეს იღებს ერთადერთი ანტიკური სრული დედნიდან. ეს უკანასკნელი არსებობდა ჯერ კიდევ IX საუკუნეში. ბეჭდური სახით ნაწარმოები პირველად გამოვიდა 1470 წელს რომში.

„თორმეტი ცეზარის ცხოვრება“ ბიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოებია, რომელშიც გაშუქებულია პირველ ცეზართა ცხოვრება იულიუსიდან დომიციანეს ჩათვლით. ამრიგად, იგი ეხება რომის იმპერიის ადრინდელ ეპოქას – პრინციპატის პირველ საუკუნეს. ეს ის ხანაა, რომელიც იპყრობდა რომის ისტორიოგრაფიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების – ტაციტუსისა და პლუტარქეს ყურადღებას. ეს იყო საუკუნე დაძაბული ბრძოლისა და პოლიტიკური რეფორმებისა, როდესაც ძველისა და ახლის ჭიდილში საბოლოოდ ფორმირდებოდა რომის საიმპერატორო ძალაუფლება.

„თორმეტი ცეზარის ცხოვრების“ სახით სვეტონიუსმა შექმნა ბიოგრაფიული ჟანრის საკუთარი სტილი; თუ მისი წინამორბედნი წერდნენ ცალკეულ ისტორიულ პირთა ბიოგრაფიებს შერჩევით, სვეტონიუსი იძლევა ბიოგრაფიების უწყვეტ ჯაჭვს ერთი საუკუნის მანძილზე.

თითოეული იმპერატორის ცხოვრებას სვეტონიუსი აშუქებდა გარკვეული სქემის მიხედვით, რომელიც შედგებოდა ოთხი მონაკვეთისაგან, პირველი გადმოსცემდა პრინცეპსის ცხოვრებას ძალაუფლების ხელში აღებამდე, მეორე – სახელმწიფო საქმიანობას, მესამე – კერძო ცხოვრებას, მეოთხე – გარდაცვალებას და დაკრძალვას.

ფაქტების დალაგებისას სვეტონიუსი იშვიათად იცავდა ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას. განსაკუთრებით ეს ითქმის ბიოგრაფიის ცენტრალურ ნაწილზე, რომელშიც გაშუქებული იყო იმპერატორის სახელმწიფო მოღვაწეობა.

სვეტონიუსი თვისი მდიდარი მასალის მეშვეობით, ფაქტების გამოკვეთით, თითოეული იმპერატორის ცხოვრებიდან დადებითისა და უარყოფითის ურთიერთდაპირისპირებით ცდილობს შექმნას კარგი და ცუდი იმპერატორის სახე. დადებითი და უარყოფითი ფაქტების თავმოყრა ერთმანეთისაგან მკვეთრი გამიჯვნით, სვეტონიუსის მთავარი ლიტერატურული ხერხია ცუდი იმპერატორის ცხოვრების გაშუქებისას. აქ ერთობ აშკარად იგრძნობა მასალის რუბრიკებად დალაგება, იგრძნობა დიდი შავი სამუშაო, რომელსაც მწერალი ასრულებდა მასალის გადმოცემისათვის, იმგვარად რომ მკითხველს თვითონ გამოეტანა დაუნდობელი განაჩენი. ამ მხრივ,იულიუს-კლავდიუსის დინასტიაში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კალიგულა და ნერონი და მწერალიც მათ მიმართ არ იშურებს ფაქტებს და სიტყვიერ შუქ-ჩრდილებს. ამასთან, აკეთებს სიტყვიერ გადასვლებს, რითაც ააშკარავებს საკუთარ დამოკიდებულებასაც. ასე, მაგალითად კალიგულას ბიოგრაფიაში ის წერს, აქამდე მსჯელობა იყო მმართველზე, ამის შემდეგ კი მომიხდება ლაპარაკი მასზეო. ნერონის შესახებ აღნიშნავს: „მისი ეს მოქმედებანი არ იმსახურებენ საყვედურს და შექების ღირსნიც არიან, მე მათ თავი მოვუყარე, რათა გამოვყო მანკიერებისა და ბოროტმოქმედებისაგან, რომლებზედაც ვილაპარაკებ შემდეგ“. აქ ნათლად , ჩანს, რომ კარგისა და ცუდის გამოყოფა მხოლოდ მხატვრულ-ლიტერატურული ხერხი კი არ არის, არამედ ისტორიული კვლევის თავისებური მეთოდიცაა.

რამდენადმე განსხვავებულია მწერლის მიდგომა კარგი იმპერატორის მიმართ. აქ სვეტონიუსი მხოლოდ ფაქტების დალაგებით კი არ კმაყოფილდება, არამედ იძლევა პიროვნების ხასიათის განვითარებას, ავგუსტუსი, რომელიც სვეტონიუსს საუკეთესო იმპერატორად მიაჩნდა, თავისი უარყოფითი თვისებებით ანტონიუსთან ბრძოლის პერიოდში მკვეთრად უპირისპირდება, მოგვიანო ხანას, როდესაც ის იმპერატორი ხდება. აქ ავგუსტუსი. დახასიათებულია, როგორც თავდაჭერილი, ცხოვრების გამოცდილებით დაბრძენებული მმართველი. ასევე უდგება სვეტონიუსი ტიტეს, რომლის ჭაბუკურ სითამამეს უპირისპირებს მის თავდაჭერილობას და გონიერებას იმპერატორად ყოფნის დროს.

სვეტონიუსი წერდა სადა, გასაგები ენით, გაურბოდა რიტორიკას. მისი თხზულებების ნაწილი დაწერილი იყო ბერძნულ ენაზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები