სიმულაცია
სიმულაცია - არ არის სამედიცინო დიაგნოზი. ეს ტერმინი აღწერს ქცევას. ის გულისხმობს სიმპტომების განზრახ გაზვიადებას ან სიმულირებას რაიმე სარგებლის მიღების მიზნით (მაგ., ფინანსური კომპენსაციის მისაღებად). ძნელია მისი დიფერენცირება პათომიმიკრიული და სომატოფორმული აშლილობისგან, რადგან ამისთვის კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა მოტივაცია აქვს პიროვნებას.
სიმულაციური აშლილობის გავრცელების სიხშირე დაბალია და უმეტესად გვხვდება პატიმრებში, სამხედროებში და იმ ადამიანებში, რომელთაც სურთ, მიიღონ კომპენსაცია უბედური შემთხვევის გამო. სიმულაციის რამდენიმე კლინიკური სურათია აღწერილი:
- სომატური მდგომარეობისა და უნარშეზღუდულობის სიმულაცია;
- სიმულირებული ფსიქოზი, რომელიც აღენიშნება მას, ვისაც სურს საავადმყოფოში დაწოლა, თავშესაფრის მოპოვების ან საავადმყოფოში უფრო დიდ ხანს დარჩენის მიზნით; აგრეთვე, სამართალდარღვევაში დადანაშაულებულ პირებს, რომლებსაც არ უნდათ სასამართლო პროცესზე გასვლა ან სურთ ზეგავლენა მოახდინონ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე;
- სიმულირებული ან გაზვიადებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა;
- კოგნიტური ფუნქციის დაქვეითების სიმულირება.
სიმულაციის შეფასება
სიმულაციის შესაფასებლად დაკვირვებით იკრიბება ანამნეზი და ტარდება კლინიკური გამოკვლევა. ამ დროს ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რამდენად თანმიმდევრულია ადამიანის ქცევა. ადვოკატები და დაზღვევის წარმომადგენლები ზოგჯერ ვიდეოს ან სხვა საშუალებების გამოყენებით აკვირდებიან ადამიანს, რათა დააფიქსირონ სიმულაციური ქცევა, მაგრამ, ეთიკური მიზეზების გამო, კლინიცისტები ასეთ ზომებს იშვიათად მიმართავენ. სიმულაციური ქცევის დასაფიქსირებლად იყენებენ ფსიქოლოგიურ ტესტირებას, მაგრამ გამოყენებული ტესტებიდან არც ერთის ვალიდურობა არ არის დადგენილი.
მართვა
როდესაც სიმულაცია აშკარაა, პაციენტს ტაქტიანად უნდა ეცნობოს ამის შესახებ და მისი მდგომარეობა უნდა გაირჩეს კრიტიკის გარეშე. მას ხელი უნდა შევუწყოთ იმაში, რომ ის უფრო შესაფერისი სახით გაუმკლავდეს ისეთ პრობლემებს, რომლებიც სიმულაციურ ქცევას იწვევს. შესაფერის შემთხვევაში, პაციენტს ვუტარებთ ხანმოკლე ინტერვენციას, რომელიც მას უნდა დაეხმაროს თვითშეფასების შენარჩუნებასა და სიმპტომების უკუგდებაში.