სომატოფორმული აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სომატოფორმული აშლილობა - (F45), (somatoform disorder), მგრძნობელობის, ფუნქციების ან ქცევის აშლილობა, რომელიც არ არის დაკავშირებული სომატურ აშლილობებთან, არ არის განპირობებული ვეგეტატიური ნერვული სისტემით და შემოიფარგლება სხეულის ზოგიერთი ნაწილის ან სისტემების ჩართვით, ასევე დროში მჭიდროდაა დაკავშირებული სტრესულ სიტუაციებთან ან პრობლემებთან.

ძირითად ნიშანს წარმოადგენს სომატური სიმპტომების მრავალჯერადი წარდგენა, რომელიც სამედიცინო გამოკვლევის მოთხოვნას ერწყმის, მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი შედეგები უარყოფითია და ექიმების თქმით, მათი ფიზიკური საფუძველი არ არსებობს. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)


DSM-IV-ში სომატოფორმული აშლილობები გამოყენებულია ისეთი აშლილობების ჯგუფის აღსანიშნად, რომლის დამახასიათებელი სომატური სიმპტომები ორგანული ფაქტორებით ვერ აიხსნება. სომატოფორმული აშლილობა, როგორც პირობითი დიაგნოსტიკური კატეგორია, მრავალი წლის წინ იქნა შეტანილი DSM-III-ში, თუმცა ამ კატეგორიის ღირებულება დღემდე გაურკვეველი რჩება. სომატოფორმული აშლილობის განმსაზღვრელ ნიშანთვისებას წარმოადგენს: სომატური დაავადებისთვის დამახასიათებელი ფიზიკური სიმპტომების არსებობა, რომლებსაც თვალსაჩინო ორგანული მიზეზები არ გააჩნიათ. ამასთან, არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ ეს სიმპტომები ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან ან კონფლიქტთან არიან დაკავშირებულნი. ეჭვგარეშეა, რომ ეს სიმპტომები, რომლებიც მნიშვნელოვან დისტრესსა და უნარების შეზღუდვას იწვევენ, ბევრ ადამიანს აღენიშნება (Bass et al., 2001). თუმცა, რამდენად მიზანშეწონილია ისეთი მდგომარეობების ერთ ჯგუფში გაერთიანება, რომლებიც მრავალი ნიშნით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და, ამასთან, გარკვეულწილად გადაფარავენ შფოთვით და დეპრესიულ აშლილობებს (მაღალი კომორბიდობა), დღემდე არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ამასთან, იპოქონდრია და სომატიზებული აშლილობა იმდენად მდგრადი მდგომარეობებია, რომ ზოგი მეცნიერის აზრით, პიროვნული აშლილობის ჯგუფში უნდა გაერთიანდეს. (სომატოფორმული აშლილობის ცნების კრიტიკა მოცემულია შემდეგ წყაროში: Sharpe and Mayou (2004).(ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

კლასიფიკაცია DSM-IV-ისა და ICD-10-ის მიხედვით

DSM-IV-სა და ICD-10-ში სომატოფორმული აშლილობების კატეგორიებს შორის მრავალი მსგავსების მიუხედავად ორი მნიშვნელოვანი განსხვავება აღინიშნება:

  • ნევრასთენია არ არის მოცემული DSM-ში, რადგან ეს კატეგორია შეერთებულ შტატებში იშვიათად გამოიყენება. ICD-10-ში კი, როგორც საერთაშორისო კლასიფიკაციურ სისტემაში, ნევრასთენიის კატეგორია შეტანილია, რადგან მას ზოგიერთ შორეულ აღმოსავლეთის ქვეყანაში იყენებენ.

სხეულის დისმორფული აშლილობა ICD-10-ში ცალკე კატეგორიად არ არის გამოყოფილი, იგი იპოქონდრიული აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებშია შეტანილი. გარდა ამისა, არსებობს ორივე კლასიფიკაციისთვის საერთო პრობლემები:

  • ჯგუფს შიგნით არსებული დიაგნოსტიკური კრიტერიუმები არაერთგვაროვან პრინციპებზეა დაფუძნებული (ეტიოლოგია, სიმპტომების რაოდენობა, კონსულტაციები, სომატურ მკურნალობაზე საპასუხო რეაქცია).
  • იპოქონდრიული აშლილობების დიაგნოსტიკური კრიტერიუმები შემუშავებულია სტაციონარულ პაციენტებზე დაკვირვების შედეგად და ნაკლებად მიესადაგება მოსახლეობაში გავრცელებულ აუხსნელ სომატურ მდგომარეობებს.
  • მოსახლეობაში გავრცელებული მრავალი შემთხვევა არ აკმაყოფილებს სომატოფორმული აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს. ასეთი შემთხვევები ორი არასპეციფიკური კატეგორიიდან ერთ-ერთს უნდა მივაკუთვნოთ. ესენია: არადიფერენცირებული სომატოფორმული აშლილობა და სხვა სომატოფორმული აშლილობები. ეს რეზიდუალური კატეგორიები ნაკლებად არის შესწავლილი და იმდენად ვრცელია მათი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები, რომ შეიძლება მოიცვას თითქმის ყველა პერსისტენტული აუხსნელი სომატური სიმპტომი.
  • DSM-IV-ისა და ICD-10-ის კრიტერიუმებს შორის ერთი შეხედვით უმნიშვნელო განსხვავებები სომატოფორმული აშლილობის და მისი სუბკატეგორიების გავრცელების შეფასებაში სერიოზულ განსხვავებებს იძლევა (Simon, 2000).

ჩვენ არ ვფლობთ საკმარის ინფორმაციას კლასიფიკაციის ამ ნაწილის საფუძვლიანად განახლებისთვის და ამიტომ ვთვლით, რომ მცირე ცვლილებების შეტანას, არც თუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის მაგივრად შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს სომატოფორმული აშლილობების მრავალგანზომილებიანი აღწერა (კლინიკური სინდრომი, ხანგრძლივობა, სიმპტომების რაოდენობა, კოგნიციები და ამ კატეგორიასთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობები) (იხ. Sharpe and Mayou 2004).

სომატოფორმული აშლილობების კატეგორიები ICD-10-სა და DSM-IV-ის მიხედვით

ICD-10 DSM-IV
სომატიზებული აშლილობა სომატიზებული აშლილობა
არადიფერენცირებული სომატოფორმული აშლილობა არადიფერენცირებული სომატოფორმული აშლილობა
იპოქონდრიული აშლილობა იპოქონდრია
სომატოფორმული ავტონომიური ვეგეტატიური დისფუნქცია კატეგორიის გარეშე
სომატოფორმული ტკივილი ტკივილის აშლილობა, რომელიც ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან (და ზოგად სომატურ მდგომარეობასთან) არის

დაკავშირებული

სხვა სომატოფორმული აშლილობები სომატოფორმული აშლილობები, რომლებიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული
კატეგორიის გარეშე სხეულის დისმორფული აშლილობა
კატეგორიის გარეშე კონვერსიული აშლილობა
ნევრასთენია კატეგორიის გარეშე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები