სინეგოგასებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინეგოგასებრნი (ლათ. Sittidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. სინეგოგასებრთა ოჯახში გაერთიანებულია პატარა ზომის დენდროფილური და კლდეებზე მცხოვრები ფრინველები სწორი, საკმაოდ გრძელი და მაგარი ნისკარტით, მოკლე კუდითა და კისრით, დიდი და შებრტყელებული თავით, ძლიერი ფეხებითა და მოკაუჭებული ბრჭყალებით. ნისკარტი ბოლოში მახვილია და იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ხის ქერქის ამოტეხა, კაკლის ან რკოს დამტვრევა. ნისკარტზედას ძირში, პირის ჭრილის კიდეების მახლობლად, განლაგებულია ოვალური ფორმის ნესტოები, რომლებიც უხეში ჯაგრისმაგვარი ბუმბულებით არიან დაფარული. ფრთები ზომიერი სიგრძისაა, პირველი რიგის 10 მომქნევით, რომელთაგან პირველი განუვითარებელი და პატარაა, ხოლო ყველაზე გრძელია მე-3, მე-4 და მე-5. მოკლე კუდი ბოლოში მომრგვალებულია, შეიცავს აგრეთვე ბოლოში მომრგვალებულ საჭის 12 ბუმბულს. კუდი ფრთაზე ბევრად მოკლეა. ფეხები ძლიერია, თითები გრძელი, ბრჭყალები მოხრილი და დიდი, რითაც ფრინველი შეგუებულია ვერტიკალურ ზედაპირზე ცოცვას. ამასთან სინეგოგებს შეუძლიათ ხეებსა და კლდეების ვერტიკალურ ზედაპირზე ცოცვა არა მარტო აღმა, არამედ თავდაღმაც, რითაც გამოირჩევიან ყველა სხვა ფრინველისაგან. დენდროფილურ ფორმებს ბრჭყალები წვეტიანი და მახვილი აქვთ, ხოლო კლდის ფორმებს – ბლაგვი. ბუმბულსაფარველი უხვია და რბილი. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაში მცირედაა გამოხატული ან იგი სრულიად არაა.

სახეობების უმრავლესობა ნამდვილი მეხეური ფრინველებია; ბინადრობენ მაღალტანიან ყოველგვარი ტიპის ტყეებში, მაგრამ არიან მათ შორის კლდეებზე მობინადრე ფორმებიც.

მონოგამიური ფრინველებია, ბუდობენ ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებენ ხეების ფუღუროებში, კლდეთა ნაპრალებში. ზოგიერთი აგებს დახურულ ბუდეს თიხისაგან. დებენ ჩვეულებრივად 5-8 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 2 კვირამდე გრძელდება, მაგრამ პოსტემბრიონული განვითარება ნელა და ხანგრძლივად მიმდინარეობს.

იკვებებიან მეტწილად მწერებით, რომელთა შორის უმეტესობა ტყის მავნებლებია. ამ მავნე მწერთა განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვთ სატყეო მეურნეობისათვის. შემოდგომითა და ზამთარში ჭამენ ნაირგვარ ხემცენარეთა თესლებსაც.

სინეგოგასებრნი ფართოდ არიან გავრცელებული მთელ დედამიწაზე. ისინი არ მოიპოვებიან მხოლოდ ანტარქტიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში – საჰარის სამხრეთით. ოჯახი შეიცავს სულ ერთ გვარს 16 სახეობით.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები