სისინა გედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სისინა გედი

სისინა გედი (ლათ. Cygnus olor Gmelin, 1783) – ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 535-630 მმ-ია, ნისკარტი − 8-13 კგ. აღწერილია 22,5 კგ-ნი ეგზემპლარიც. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის შეფერილობაში განსხვავება არაა. ნისკარტზე შუბლის ძირში შავი ფერის მსხვილი გამობურცულობა აქვს. ზრდასრული ფრინველის შეფერილობა სუფთა თეთრია. პირის კუთხეები, ნისკარტის ძირში შეუმოსავი ნაწილი გამობურცულობითურთ ნესტოებამდე შავია. ნისკარტის დანარჩენი ნაწილი წითელია, თუმცა ნისკარტზედას წვეროში „ფრჩხილაკი“ შავი ფერისაა. ფეხები, თითები და საცურავი აპკი მკრთალი შავია. საჭის ბუმბულების კიდურა წყვილი 80-120 მმ-ით მოკლეა შუა წყვილზე. დედალს შუბლის ამობურცულობა ნაკლებად აქვს განვითარებული. ახალგაზრდა ფრინველი ზურგის მხარეს მოწაბლისფრო-რუხია. შუბლის გამობურცულობა არა აქვს, ხოლო ფეხები წითელია.

სარჩევი

 [დამალვა

გავრცელება

ბუდობის არეალი სპორადულია. მცირერიცხოვანი იზოლირებული ბუდობები მოიპოვება ევროპასა და აზიის შუა და სამხრეთ ზოლში – სამხრეთ სკანდინავიაში, პოლონეთში, ბულგარეთში, თურქეთში, ირანსა და შუა აზიის სამხრეთ ნაწილში. სსრ კავშირის ფარგლებში არის ლატვიასა და ლიტვაში, შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროებზე დიდ მდინარეთა დელტებში, აზოვის ზღვაზე და აქა-იქ კასპიის ზღვის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში. ზამთრობს ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროებთან, აგრეთვე კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე შუა აზიასა და ირანში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის დროს, შავ ზღვაზე – ხშირად ზამთარშიც.

ბიოტოპი

დიდი ზომის, ადამიანისათვის ძნელად მისადგომი, მტკნარი და მცირემარილიანი დამდგარი წყალსატევები, რომელთა თხელწყლიანი ნაპირები დაფარულია ხშირი ლელქაშით; ვრცელი ტბები, მდინარეთა დელტები და ზღვების ყურეები, უხვი მცენარეული საფარით.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდეს აკეთებს მიწაზე, გამხმარი ლელის ბულულებში. მაისის პირველ ნახევარში დებს 79 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 35 დღემდე გრძელდება. ახალნაჩეკი ფრენის უნარს იძენს 4 თვისა, ხოლო სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4 წლის ასაკში.

კვება

სისინა გედის საკვებს შეადგენენ წყლის მცენარეთა ფესვები, ფესურები, ყლორტები, რომელთაც თავთხელ წყალში მოიპოვებს. მცირე რაოდენობით ჭამს წყლის წვრილ ცხოველურ ორგანიზმებს, ხოლო ზამთარში – ნაირგვარ წყალმცენარეებსაც. მართვეები იკვებებიან მოწყვეტილი და წყლის ზედაპირზე ამოტივტივებული მცენარეთა ნაწილებით.

მნიშვნელობა

მცირერიცხოვნობის გამო მასზე ნადირობა აკრძალულია. შედარებით ადვილად შინაურდება და ითვლება ერთ-ერთ შესანიშნავ დეკორატიულ ფრინველად.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები