სიტყუაჲ ართორონთათჳს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიტყუაჲ ართორონთათჳს – ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი. დაწერილი XI-XII სს. ეფრემ მცირის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენლის (შესაძლოა, თვით ეფრემის ან არსენ იყალთოელის) მიერ. 1982-მდე ცნობილი იყო მხოლოდ 1541 გადაწერილი ნუსხის მიხედვით. მას შემდეგ. რაც ათონის ივერთა მონასტრის ხელნაწერები ხელმისაწვდომი გახდა (მიკროფირების საშუალებით), თხზულების ტექსტი აღმოჩნდა XII-XIII სს. გადაწერილ ნუსხაში (ათონ. №6).

ხელნაწერი ჰომილიათა კრებულია, რომელშიც შემორჩენილია მხოლოდ I7 (17-33) ჰომილია. ყველა მათგანი მიეწერება იოანე ოქროპირს. გრამატიკული ტრაქტატი, რომელსაც ცალკე სათაური არა აქვს, ჩართულია მეცხრამეტე ჰომილიაში და დაწერილია როგორც მისი ვრცელი კომენტარი („შეისწავლე“). ბერძნული დედნის ავტორი (დღემდე უცნობი) ცდილობს გააბათილოს მწვალებელთა მსჯელობა მამა-ღმერთისა და ძე-ქრისტეს უთანასწორობის შესახებ, რის ერთ-ერთ არგუმენტად მწვალებლებს დასახელებული აქვთ ბერძნული „ართრონის“ (არტიკლის, ნაწევარის) სხვადასხვაგვარი ხმარება საღმრთო სახელებთან. როგორც ქართველი ავტორი გრამატიკის კომენტარის შესავალშივე გვამცნობს, თხზულება დაწერილია იმ მიზნით, რომ ქართველი მკითხველისათვის გასაგები გახდეს თარგმანი, ვინაიდან ართრონთა უქონლობა ქართულში გაუგებარს ხდის ბერძნულ ტექსტს. შემდგომ ავტორი განაგრძობს, რომ ყოველგვარ ღონეს იხმარს იმის საჩვენებლად, „თუ რაჲ არს ართრონი და ვითარ ვერ ეგების ენასა ზედა ქართულსა თარგმნაჲ მისი და ვითარ იჴუმევენ ამას ართრონსა ბერძენნი“. ამ შესავლის შემდეგ თხზულების ტექსტი თითქმის მთლიანად წმინდა გრამატიკულ საკითხებს ეხება. ავტორი განმარტავს ბერძნული ართრონის რაობას. აღნიშნავს, რომ ბერძნულში სახელები სამი სქესის („ნათესავის“) არის – „მამალი“, „დედალი“ და „შუა“. თითოეული სახელი ერთი რომელიმე სქესისაა და მისი ბრუნებაც („დრეკა“) თავისი წესების შესაბამისად ხდება. ბერძნულისათვის დასახელებულია სამი რიცხვი – „ერთობითი“, „ორობითი“ და „განმრავლებითი“. ორობითზე მსჯელობისას ავტორი მკითხველის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მსგავსი რიცხვი ქართულში არ არსებობს და ამიტომ ძნელი გასაგებია: „ორობითთათვის ვითარღა ცხად-ვყოთ, რამეთუ არცა იგინი არიან ენასა ზედა ქართულსა?“ ბრუნვათა რიცხვი ბერძნულში (და შესაბამისად ქართულშიც) ხუთ-ხუთია მხოლობითსა და მრავლობითში; ორობითისათვის აგრეთვე დასახელებულია ხუთი, მაგრამ აღნიშნულია, რომ აქ ხდება ფორმათა დამთხვევა, რის გამოც ორობითში ბრუნვები „სამად შეიქმნებიან“. ბრუნვები ჩამოთვლილია დიონისე თრაკიელის გრამატიკული მოძღვრების შესაბამისად, ბრუნვათა სახელწოდებანიც ბერძნულის კვალობაზეა შექმნილი: „ადვილობითი“ (= სახელობითი), „შობილობითი“ ანუ „ნათესაობითი", „მიცემითი“, „მიზეზობითი“ (= აკუზატივი) და წოდებითი. ცალ-ცალკეა ჩამოთვლილი (ქართ. ტრანსლიტერაციით) ართრონები თითოეული სქესის სახელისათვის, სულ 13: ხუთ-ხუთი მხოლოობითისა და მრავლობითისათვის, 3 – ორობითისათვის. მოცემულია ბერძნული სიტყვების – „თეოს“ (ღმერთი), „ტრიას“ (სამება) და „პნევმა“ (სული) – ბრუნების ნიმუშები ართრონიანად და უართრონოდ. იგივე სიტყვებია საბრუნებლად აღებული ქართულშიც. მაგრამ ავტორი შენიშნავს, რომ ქართულში ართრონთა უქონლობის გამო მათი ბრუნება ართრონიანად მხოლოდ ბერძნული ართრონებით შეიძლება, რაც მას დაუშვებლად მიაჩნია, გარდა წოდებითისა (ჵ ღმერთო). ავტორი ცდილობს დაასაბუთოს შეუსაბამობა, რომელიც ბერძნული მიცემითისა და აკუსატივის ფორმათა თარგმნისას ჩნდება ქართულში: მის მიერ დასახელებულ მაგალითებში: „მისცემ… ღმერთსა“ (ბერძნულში მიცემითია) და „ეძიებ… ღმერთსა“ (ბერძნულში – მიზეზობითი აკუზატივი), ქართულში კი ბერძნულისაგან განსხვავებით ერთი ფორმა იხმარება. ამ შეპირისპირებიდან ჩანს, რომ ავტორს ქართული მიცემითი ბრუნვის ორი „ძალი“ კარგად ესმის. იგი იცნობს დიონისიოს თრაკიელისა და მისი კომენტატორების თხზულებებს. სახელობითის აღმნიშვნელი ტერმინი „ადგილობითი“ ერთ-ერთი კომენტატორის განმარტებიდან უნდა მომდინარეობდეს. თხზულებაში დასახელებულია აგრეთვე „ართრონნი დამორჩილებითნი“, ე.ი. მიმართებითი ნაცვალსახელები, რაც აგრეთვე დიონისიოს თრაკიელის გრამატიკული მოძღვრების.

თხზულებაში არაფერია ნათქვამი ქართულში სქესისა და ნაწევართა საშუალებით სახელის განსაზღვრულობა განუსაზღვრელობის შესახებ. ეს გასაგებია, რადგან ავტორის მიზანია მხოლოდ „სახელთა წინა დასასხმელ“ ართრონთა ქართულში არარსებობის დამტკიცება.

თხზულება მეტად მნიშვნელოვანია ქართული გრამატიკული აზროვნების ისტორიისათვის. იგი არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ XI-XII სს-ში ქართულად მართლაც არსებულა გრამატიკული ლიტერატურა. ამ თხზულებაში ჩანს არა მარტო ბერძნული გრამატიკის ცოდნა, არამედ მცდელობა ქართული ენის ზოგიერთ ფორმათა გაანალიზებისა ამ ცოდნის საფუძველზე. საყურადღებოა გრამატიკული ტერმინებიც, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც იხმარება. „ართრონ“ სიტყვის განმარტება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში მოწმობს, რომ იგი იცნობდა ამ თხზულებას.

მ. შანიძე


ლიტერატურა

  • შანიძე მ. სიტყუაჲ ართრონთათჳის, ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი. თბ., 1990;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები