სკლოდოვსკა-კიური მარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარია სკლოდოვსკა-კიური

მარია სკლოდოვსკა-კიური – (პოლ. Maria Skłodowska-Curie, 1867 - 1934), ფრანგი პოლონელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი.

1898 წელი რადიოაქტივობის დაბადების წლად შეიძლება ჩაითვალოს. ეს წელი აღინიშნა ცოლ-ქმარ კიურების მიერ აღმოჩენილი ახალი ელემენტით, რომლის რადიოაქტიური თვისებები 400-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ურანისა, ამ ელემენტს პოლონეთის პატივსაცემად პოლონიუმი ეწოდა. რამდენიმე თვის შემდეგ აღმოაჩინეს სხვა რადიოაქტიური ელემენტი, რომელმაც ურანის სახელი მიიღო.

მეცნიერული აღიარება მარია სკლოდოვსკამ მიიღო არამარტო რადიუმისა და პოლონიუმის აღმოჩენით. სკლოდოვსკა-კიურის შრომებმა რადიოაქტივობაში საფუძველი ჩაუყარეს ფიზიკისა და ქიმიის ამ ახალ სფეროს. მათ ხელი შეუწყვეს მთელი რიგი ელემენტების აღმოჩენას, რომლებსაც შეეძლოთ თვითნებურად სხვა ელემენტად გარდაქმნილიყვნენ. უარყვეს ნივთიერების განუყოფადობის თეორია, იმ ნივთიერებისა, რომელიც მატერიის ინდივიდუალურ თვისებებს ატარებდა.

მარია სკლოდოვსკა-კიური ორჯერ დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. პირველი პრემია მიიღო 1903 წელს ბეკერელთან და პიერ კიურისთან ერთად პოლონიუმის და რადიუმის აღმოჩენისათვის 1911 წელს ამ პრემიით მეორეჯერ დაჯილდოვდა რადიუმის მეტალის სახით მიღების გამო.


მარია სკლოდოვსკა დაიბადა ვარშავაში 1867 წლის 7 ნოემბერს, მისი მშობლები პედაგოგები იყვნენ. 1883 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა გიმნაზია. ახალგაზრდობის წლებიდანვე ოცნებობდა მეცნიერულ მუშაობაზე. 1891 წელს შევიდა პარიზის უნივერსიტეტის ზუსტი მეცნიერების ფაკულტეტზე. მიუხედავად მძიმე მატერიალური პირობებისა 1893 წელს ამთავრებს ფიზიკური მეცნიერებების შესწავლას, ხოლო 1894 წელს – მათემატიკურის, შემდეგ ბრუნდება პოლონეთში. მაგრამ აქ ვერ ნახა მეცნიერული მუშაობისათვის პირობები და რამდენიმე თვის შემდეგ მიემგზავრება პარიზში, იქ 1895 წელს თხოვდება პიერ კიურიზე, პარიზის ქიმიისა და ფიზიკის სკოლის ფიზიკის პროფესორზე. 1903 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1906 წელს ტრაგიკულად დაიღუპა მისი ქმარი და მარია სკლოდოვსკა მარტო აგრძელებს მეცნიერულ კვლევებს ძალიან რთულ ლაბორატორიულ პირობებში, აგრეთვე მუშაობს პარიზის უნივერსიტეტის კათედრაზე. იგი იყო პირველი ქალი პროფესორი და პირველად მსოფლიოში დაიწყო რადიოაქტივობის კურსის კითხვა. მარია სკლოდოვსკა-კიური იყო ერთ-ერთი უპოპულარესი პიროვნება მეცნიერულ სამყაროში. მიიღო ბევრი პრემია, იყო ასობით მეცნიერული საზოგადოების წევრი, აგრეთვე ბევრი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების საპატიო პროფესორი.

თავმდაბალი, წყნარი და კეთილშობილი მარია კიური საყოველთაო პატივისცემითა და სიყვარულით იყო გარემოცული.

1934 წლის 4 ივლისს სამხრეთ საფრანგეთის ერთ–ერთ სანატორიუმში გარდაიცვალა იგი. დაკრძალულია პარიზის მახლობლად, უბრალო სასაფლაოზე.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები