სოლზბერი რობერტ ართურ ტოლბოტ გასკოინ სესილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ ართურ ტოლბოტ გასკოინ სესილ სოლზბერი

რობერტ ართურ ტოლბოტ გასკოინ სესილ სოლზბერი – (ინგლ. Robert Arthur Talbot Gascoyne-Cecil, 3rd Marquess of Salisbury, 3 თებერვალი 1830 — 22 აგვისტო 1903), ინგლისელი დიპლომატი, მარკიზი.

1876 გაიგზავნა კონსტანტინოპოლში თურქეთის რეფორმებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე. 1878 წლის მარტში ხდება საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი პროტესტის შედეგად გადაისინჯა სან-სტეფანოს საზავო პირობები რუსეთ-თურქეთს შორის და დაიდო შუვალოვ-სოლზბერის კონვენცია, რომელმაც განსაზღვრა ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებები. 1880 გადადგა და დიზრაელის სიკვდილის შემდგომ სათავეში ჩაუდგა კონსერვატიულ პარტიას; 1885-92 (ექვსთვიანი შუალედით) იყო პრემიერ-მინისტრი, აწარმოებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას (დაპყრობები აფრიკაში). რუსეთთან და საფრანგეთთან დაპირისპირებით იგი ცდილობდა გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან (ავსტრია-უნგრეთი, იტალია) სტატუს-კვოს მიღწევას (ამის მაგალითია 1887 ხმელთაშუაზღვის შეთანხმება).

სოლზბერი „ბრწყინვალე იზოლაციის“ საუკეთესო რეალიზატორი იყო. მისი სიფრთხილე და მოთმინება მოკავშირეების შერჩევაში (რაც ცვლადი ხასიათის იყო) უზრუნველყოფდა მისი გეგმების წარმატებას. 1895-1900 იგი მესამედ ხდება პრემიერ-მინისტრი. კოლონიური პოლიტიკის მესაჭე დ. ჩემბერლენი წარმატებით ახორციელებდა სოლზბერის ჩანაფიქრს. 1895 ოსმალეთის იმპერიის გაყოფის გეგმას მოჰყვა შეტევა ბურების რესპუბლიკა ტრასსვაალზე (განსაკუთრებით გაუარესდა ურთიერთობა გერმანიასთან). სუდანის დაპყრობას მოჰყვა ფაშოდის კონფლიქტი, რომელიც ინგლისმა თავის სასარგებლოდ გადაჭრა. 1899 საბოლოოდ განსაზღვრა ინგლის-საფრანგეთის კოლონიური საზღვარი აფრიკაში და ეს ქვეყნები ერთმანეთს დააახლოვა. ამ დროისათვის ინგლისი გამოდის იზოლაციის პოლიტიკიდან, ცდილობს ჯერ რუსეთთან, შემდეგ გერმანიასთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას, დათმობები გერმანიის, საფრანგეთის და აშშ-ის წინაშე გამოიწვია ბურებთან გაჭიანურებულმა მარცხიანმა ომმაც. 1902 წლის ივლისში ვერენიგინგის ზავის შემდგომ სოლზბერი გადადგა პრემიერობიდან და ინგლისის შელახული საერთაშორისო პრესტიჟის გამოსწორება ბალფურს დაეკისრა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები