სომატიზებული აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სომატიზებული აშლილობის ძირითად ნიშან-თვისებას წარმოადგენს ხანგრძლივი, მრავლობითი სომატური ჩივილები, რომლებიც 30 წლამდე ვლინდება. 1962 წელს სენტლუისელმა ფსიქიატრებმა (Perley and Guze, 1962) აღწერეს ქრონიკული მრავლობითი სომატური ჩივილები, რომელთა ორგანული მიზეზებიც დაუდგენელი იყო. მათ ასეთი მდგომარეობა ისტერიის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნიეს და მას ბრიკეს სინდრომი უწოდეს. ეს სახელწოდება მომდინარეობს მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი ექიმისგან, რომელსაც ისტერიის შესახებ მონოგრაფია აქვს დაწერილი. სინამდვილეში ბრიკეს არ აქვს აღწერილი ის სინდრომი, რომელსაც დღეს მისი სახელი ჰქვია და მის მიერ აღწერილი სიმპტომები არ შეესატყვისება ისტერიის შესახებ ამჟამად გავრცელებულ წარმოდგენას.

მსგავსი სინდრომი DSM-III-ში იყო შეტანილი. მისი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები იმდენად იყო შეზღუდული, რომ ბევრი ადამიანი, რომელსაც მრავლობითი სომატური ჩივილები აღენიშნებოდა, არ ესადაგებოდა ამ კატეგორიას, რის გამოც, ამ ადამიანებს არადიფერენცირებული სომატოფორმული აშლილობის რეზიდუალურ კატეგორიას მიაკუთვნებდნენ. DSM-IV-ის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ნაკლებად შეზღუდულია. აუცილებელია ოთხი ტკივილის სიმპტომის - ორი გასტროინტენსტინური სიმპტომის, ერთი სექსუალური და ერთი ფსევდონევროლოგიური სიმპტომის არსებობა, საიდანაც არც ერთი ბოლომდე არ აიხსნება სომატური დაავადებით. ICD-10-ის დიაგნოსტიკური კრიტერიუმების მიხედვით დადგენილი თოთხმეტი სიმპტომიდან აუცილებელია სულ ცოტა ექვსი სიმპტომის არსებობა, რომლებიც მინიმუმ ორ ორგანოთა სისტემასთან იქნება დაკავშირებული. სიმპტომების ჩამონათვალი ოთხ ჯგუფადაა დაყოფილი - გასტროინტენსტინური, კარდიოვასკულური, ნეიროგენიტალური და კანის ან ტკივილის სიმპტომები.

ეპიდემიოლოგია

სომატიზებული აშლილობის გავრცელების მაჩვენებელი დამოკიდებულია კვლევის დროს გამოყენებულ მეთოდებზე. საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, მათი გავრცელების სიხშირე 1%-ზე ნაკლებია, მაშინ, როცა პირველადი სამედიცინო დახმარების დაწესებულებებში ჩატარებული კვლევის მიხედვით - 1%-დან 2%-მდე მერყეობს. სომატიზებული აშლილობა ქალებთან ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებთან. მას მნიშვნელოვანი კომორბიდობა გააჩნია სხვა ფსიქიკურ აშლილობებთან, მაგ., დიდ დეპრესიასთან. სომატიზებული აშლილობა ბევრად უფრო ნაკლებად სტაბილურია, ვიდრე ეს სინდრომის თავდაპირველი აღწერის დროს იყო ნავარაუდევი.

ეტიოლოგია

სენტ-ლუისელმა მეცნიერებმა დააფიქსირეს მემკვიდრეობითი კავშირების არსებობა სომატიზებული აშლილობის მქონე ქალებსა და მათი მამრობითი სქესის ნათესავებს შორის, რომლებსაც სოციოპათია ან ალკოჰოლიზმი აღენიშნებოდათ. მათ, ასევე, დაასკვნეს, რომ კატამნესტიკური დაკვირვებებისა და ოჯახის გამოკვლევების მიხედვით, სომატიზებული აშლილობა წარმოადგენს უნიტარულ სინდრომს, რომელიც დროთა განმავლობაში სტაბილურია. ასეთი შეხედულება შემდგომში არ იქნა დადასტურებული. ვინაიდან სომატიზებული აშლილობის დიაგნოსტირებისთვის ხანგრძლივი დროა საჭირო, გამოთქმულია მოსაზრება, რომ უმჯობესია ის პიროვნულ აშლილობად ჩავთვალოთ. თუმცა, ამგვარი მოსაზრება არ აიოლებს ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების გაგებას.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები