სორიია ფრანჩესკო დე როხას
ფრანჩესკო დე როხას სორი{ლ}ია − (1607-1648), ესპანელ დრამატურგი
დაიბადა ტოლედოში. ტოლედოს და სალამანკის უნივერსიტეტებში სწავლობდა, გარკვეული დროის განმავლობაში სამხედრო სამსახურშიც გახლდათ. მრავალი დრამატული ნაწარმოების ავტორია, რომელთა შორისაც მეტად საინტერესოა ტრაგედიები და გროტესკულ-სატირული კომედიები.
როხასა სორი{ლ}იას ტრაგედიები დაუძლეველი ვნებებით შეპყრობილ გმირებს გვიხატავს. ხშირად ავტორი პერსონაჟების ხასიათების ძერწვისას ზომიერების შეგრძნებას კარგავს და სწორედ ამიტომ ძლიერი ვნებების ამოხეთქვა გმირებს ფსიქოლოგიურად გაუმართლებელი საქციელისკენ უბიძგებს. მსგავსი თვისებების მქონე პერსონაჟებს ნაკლებად ვხვდებით ტრაგედიაში − „არავინ მეფის გარდა, ანუ პატიოსანი მიწათმოქმედი გარსია დელ კასტანიარი”. ხშირად, ამ ტრაგედიას ლოპე დე ვეგას სახალხო-ჰეროიკულ დრამებს ადარებენ, რაც მართებულად არ მიგვაჩნია: გარსია დელ კასტანიერი გლეხი კი არა, მდაბიოს სამოსში გადაცმული დიდგვაროვანია. მას ეჭვიც არ ეპარება ცოლის უდანაშაულობაში, მაგრამ მაინც კლავს... კლავს, რათა სისხლით ჩამოირეცხოს შეურაცხყოფა. მითუმეტეს, რომ საკუთარი ღირსების ამყრელად მას მეფე მიაჩნია. ხოლო მეფეზე შურისძიება კი წარმოუდგენელია. კალდერონის პერსონაჟებისგან განსხვავებით, კასტანიარი, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს − მაინც ორჭოფობს, მერყეობს, ვერ იგდებს გულიდან ბლანკას სიყვარულს. ეს მის გმირს ადამიანურ, ყოფით დეტალებს მატებს. მძაფრი სულიერი კონფლიქტის გახსნა ხდება მაშინ, როცა პერსონაჟი იგებს, რომ მისი ღირსების შემლახველი მეფე კი არა, არამედ − დიდგვაროვანი დონ მენდოა. საბოლოოდ, ის კლავს დონ მენდოს, ვინაიდან: „შეურაცხყოფას არავის აპატიებს, მეფის გარდა”.
სორი{ლ}იას განსაკუთრებით ცნობილი კომედიაა „სულელი ატყუებს სულელს, ანუ დონ ლუკას დე სიგარელი”. მთავარი პერსონაჟი დონ ლუკასი მოხუცი ვაჭარია, რომლის გროტესკული სახე ავტორს დახატული აქვს, როგორც უმეცრებით, პედანტიზმით და პატივმოყვარეობით შეპყრობილი ადამიანი. ეს და რამდენიმე სხვა კომედია გამოირჩევა კომიზმით, მოქმედების დინამიკურობით, ზუსტი და გამომსახველი პერსონაჟების ხასიათებით. მაგრამ უმეტეს კომედიებში დრამატურგი ორიგინალობით ვერ დაიკვეხნის: ის მონდომებით სესხულობს წინამორბედებისგან არამარტო სიუჟეტს, არამედ მთელ სცენებსაც.
მარიკა მამაცაშვილი