სოფელ აწრისხევის ციხე
სოფელ აწრისხევის ციხე – XVIII საუკუნის დასაწყისი – ვახუშტი მოიხსენიებს აწრისხევს და ციხეს. მისი სიტყვებით „არს აწერის-ხევი. აქ აღაშენა შანშემ ციხე-სიმაგრედ თვისად, არამედ ექმნა გალიად, რამეთუ გამოიყვანეს ცოლი და დედაწული მისი მუნიდამ“. („ქართლის ცხოვრება“, ტ.IV, თბ., 1973, გვ.362). შანშე ქსნის ერისთავის ცოლ-შვილი აწრისხევის ციხის აღების შემდეგ დაატყვევა ნადირ-შაჰმა. ტერიტორია, რომელზედაც ციხე მდებარეობს შედიოდა ქსნის საერისთავოში (იქვე, გვ.517).
ციხე მდებარეობს მდ. პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი ქედის ფერდობზე. მას საკმაოდ მოზრდილი ფართობი უჭირავს. ციხის გალავანი, გარდა სამხრეთი კედლისა, მიწასთან არის გასწორებული. სამხრეთი კედელი 2-3 მეტრის სიმაღლეზეა გადარჩენილი. მას აქვს სამი ნახევარწრიული გოდოლი და ოთხი კონტრფორსი. ციხის შიდა ტერიტორიაზე მრავალი ნაგებობის ნაშთია, რომელთა გეგმის დადგენა გათხრის გარეშე შეუძლებელია. გალავნის დასავლეთით, უკიდურეს ზედა ნაწილში, კედელზე მიშენებული სწორკუთხა ნაგებობის ნაშთია, რომლის დასავლეთ კედელში ბუხარია შემორჩენილი. გალავანი ნაშენია ადგილობრივი ქვის თანაბარი ზომის კვადრებით. ქვა მომწვანო-მონაცრისფროა. კედლების სისქე დაახლოებით 120 სმ-ია.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა