სოფელ ზალდას წმინდა გიორგის ეკლესია
სოფელ ზალდას წმინდა გიორგის ეკლესია - IX-X სს. ეკლესია სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კმ-ზე მდებარეობს. ეკლესიის საკურთხევლის სარკმლის თავზე ერთსტრიქონიანი ნუსხური წარწერაა მოთავსებული: "ქრისტე. გიორგი შეიწყალე". ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ჩაყოლებულია ნუსხურწარწერიანი ქვა. წარწერა რვა სტრიქონიანია: "ქრისტე შეიწყალე გიორგი რპ და ი სა დადვეს საძირკველი ქრონიკონსა". სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში ჩაყოლებულ ქვაზე, აგრეთვე, ერთსტრიქონიანი ნუსხური წარწერაა: "ქრისტე შეიწყალე ჯბღვლდი". ეკლესია ნაგებია მონაცრისფრო-მოთეთრო ქვიშაქვის კვადრებით, წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპესის ქვაა. სამხრეთით სწორკუთხა ნიშაა. აბსიდა დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით. გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის თაღოვანი, სამხრეთის და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. იატაკი მოგებულია ქვის ფილებით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა, რომელსაც ტიმპანის ქვა აქვს. აღმოსავლეთ სარკმლის სათაურის ქვაზე ამოკაწრულია სამკუთხა ორნამენტები. სათაურის მარცხენა კუთხეში ჯვარია ამოკვეთილი. სამხრეთ შესასვლელის მარჯვნივ, ქვის კვადრზე ბოლნური ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა, ხოლო მარცხნივ - მინოტავრის. მის გვერდით კონუსის ფორმის ქვაზე წმინდანის რელიეფია.
დასავლეთ ფასადის სამხრეთ ნაწილის ქვედა კუთხეში ჩაყოლებულ ქვის კვადრზე ასომთავრული წარწერაა. ჩრდილოეთი ფასადი სრულიად სადაა. სამხრეთიდან ეკლესიას მინაშენი ჰქონდა. შემორჩენილია მინაშენის საძირკველი. ეკლესიის ჩრდილოეთით 300 მეტრზე ბუნის ქვაში ჩასმული დომის თავის ქანდაკებაა. ძეგლის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები. ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია; იატაკი აყრილია; კედლები დაბზარულია; დაზიანებულია კარ-სარკმლები.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა