სოფელ ზემო აჩაბეთის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საერთო ხედი

სოფელ ზემო აჩაბეთის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია - VIII-IX სს. - სოფლის აღმოსავლეთ განაპირას მდებარე მცირე ზომის ეკლესია ნაგებია კარგად თლილი ქვიშაქვით, რომელიც შემდეგ შელესილია. სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს მინაშენები. დარბაზული ეკლესია გეგმით კვადრატს უახლოვდება, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლით სრულდება. მასში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს მაღალი, ღრმა ნიშებია მოთავსებული. კონქი ამოყვანილია აგურის რადიალური რიგებით. გადასვლა აბსიდის სწორი კუთხეებიდან კონქის ნახევარსფეროზე ხდება გვირგვინისებურად დალაგებული აგურით. აბსიდა დარბაზისაგან გამოყოფილია მკვეთრად გამოწეული პილასტრებით, რომელსაც ტრიუმფალური თაღი ეყრდნობა. დასავლეთ კედლის კუთხეებში ფართო შვერილებია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. მინაშენის კედლები შემორჩენილია დაახლოებით 1-2 მეტრის სიმაღლეზე. დასავლეთ მინაშენის აღმოსავლეთ კედელზე და სამხრეთ შესასვლელის ორივე მხარეს კრონშტეინებია. კრონშტეინებს მინაშენების კამარის საბრჯენი თაღები ეყრდნობოდა. სამხრეთის მინაშენი გახსნილია ერთ მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი თაღედით. ფასადები სადაა, მხოლოდ აღმოსავლეთი სარკმლის ზემოთ რელიეფური თაღია, რომლის ზედა ნაწილში ჯვარია ამოკვეთილი. ფასადის მარცხენა კუთხეში ამოკვეთილია ორი ასომთავრული ასო (ნი). ეკლესიის კამარა და სახურავი დაზიანებულია, კარნიზი მრავალ ადგილას ჩამონგრეულია.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები