სოფელ ზემო ტბეთის ღვთისმშობლის ეკლესია
სოფელ ზემო ტბეთის ღვთისმშობლის ეკლესია - განვითარებული შუა საუკუნეები - სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კმ. მდებარე დარბაზული ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. ინტერიერში გრძივ კედლებს წყვილი პილასტრი აუყვება აისიდის ჩრდილოეთი ფრაგმენტი 50-სმ-ის სიმაღლეზეა გადარჩენილი, სამხრეთი კედელი - 1,5 მეტრზე. აბსიდს არა აქვს ჩრდილოეთი შვერილი, რადგან მოგვიანებით აქ გაიჭრა კარი. მისი ფუნქცია გაურკვეველია, მით უმეტეს, რომ ჩრდილოეთიდან არავითარი მინაშენის კვალი არ იკითხება. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში (კედლის ზედა ნაწილი მორღვეულია) და დასავლეთი კედლის ცენტრში - შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავული შესასვლელები იყო. დასავლეთის შესასვლელის თავზე სარკმელია, რომლისგანაც გადარჩა მხოლოდ ქვედა ნაწილი. ეკლესია ნაშენია ადგილობრივი ჯიშის, ღია მოყვითალო ფერის, ფლეთილი ქვით. ალაგ-ალაგ შერეულია რიყის ქვებიც.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა