სოფელ ზემო ფრისის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

სოფელ ზემო ფრისის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია დარბაზულია. სამხრეთით და დასავლეთით მინაშენები ჰქონდა, მათგან საძირკვლის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ინტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, ცენტრში თაღოვანი სარკმლით. ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია. აბსიდა გადახურულია სფერული კონქით. აბსიდში ორი მასიური, სწორკუთხა ლოდია (ორივე წაქცეულია და არ ჩანს რომელი იყო ტრაპეზის ქვა). აბსიდის იატაკი ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკზე. კანკელისაგან შემორჩა ჩრდილოეთის ქვედა ნახევარი. კანკელის წინ სწორკუთხა ფორმის მასიური ბუნის ქვაა. გრძივი კედლების ცენტრებში პილასტრებია, რომელიც მთავრდება სწორკუთხა კაპიტელებით. კაპიტელებს ეყრდნობა თაღი, რომელიც იჭერს ცილინდრულ კამარას. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ, ზედა ნაწილში თაღოვანი სარკმელია, დასავლეთ ნაწილში თაღოვანი კარები არქიტრავით. არქიტრავი ნაოთხალია. კედლის აღმოსავლეთ ნახევარს ერთსაფეხურიანი ხარისხი აქვს. დასავლეთი კედლის ზედა ნაწილში თაღოვანი სარკმელია. ქვედა, ცენტრალურ ნაწილში - სწორკუთხა შემოსასვლელი. ამ კედლის დასავლეთის ნახევარს გააჩნია ერთი საფეხურიანი კარნიზი. ჩრდილოეთ კედელს მთელ სიგრძეზე გაუყვება ხარისხი ჩრდი ლოეთი კედელი მეტად საყურადღებოა - ქვედა ნაწილი გაცილებით სქელია ზედაზე - ეს მკვეთრადაა ხაზგასმული. კამარის დასაწყისთან კედელი კიდევ თხელდება. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია ტუფის თლილი ქვა და რიყის ქვა.

ეკლესიის გეგმა

თაღი, პილასტრები, არქიტრავები თლილი, ღვინისფერი ტუფისაა. ინტერიერს შემორჩა შელესილობის კვალი. აღმოსავლეთი ფასადი მთლიანად მოპირკეთებულია ღვინისფერი ტუფის დიდი კვადრებით. სარკმლის სათაურის ფილაზე ჩარჩოში ჩასმული რელიეფია - ბოლნური ჯვრის გამოსახულებით. ჯვრის მკლავებს შორის "დილაკებია" მოთავსებული. ჩრდილოეთი ფასადის კუთხეები თლილი კვადრებისაა, კედელი რიყის და ფლეთილი ქვისა. დასავლეთი ფასადიც ანალოგიურია, ქვედა ნაწილში ემჩნევა მინაშენის კედლების კვალი. მიწის დონე ამაღლებულია და მინაშენის გეგმა არ იკითხება. სამხრეთი ფასადიც ანალოგიური მასალისაა. სარკმლის საპირეები თლილი ქვისაა, თავთან აქვს რელიეფი - ჯვარი და ოთხი წრე ციური მნათობით. ფასადის ქვედა ნაწილი შესამჩნევად განიერია ზედაზე. განსხვავება თაროს ფორმითაა გამოსახული. ეს კონსტრუქციული დეტალი მინაშენის საჭიროებისათვის იყო. ეკლესიას შემოუყვება მარტივი, სწორკუთხა პროფილის კარნიზი. საბურავი კრამიტისაა.



წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები