სოფელ ზონკარის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინტერიერი.ჩრდ.აბსიდის ფრაგმენტი

სოფელ ზონკარის ღვთისმშობლის ეკლესია - VIII-IX სს. სოფლის სასაფლაოზე მდებარე ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია ფიქალით. დარბაზული ეკლესია სწორკუთხა საკურთხევლით სრულდება. აღმოსავლეთი კედლის ცენტრში გაჭრილია შეისრულთაღოვანი სარკმელი. საკურთხევლის წინ ქვის კანკელის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში მოთავსებული ტრომპების საშუალებით ნახევარსფერულ კონქზე ხდება გადასვლა. სარკმლის აქეთ-იქით, ქვედა ნაწილში თაღოვანი ნიშებია. სამი წყვილი სამსაფეხურიანი პილასტრებით გრძივი კედლები ორ თანაბარ ნაწილად იყოფა - პილასტრების გვერდით საფეხურებს კედლის შეწყვილებული თაღები ეყრდნობა. თაღები, პილასტრები, ტრომპები და სარკმლის წირთხლები შირიმის ქვისაა. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით. დარბაზში დგას დიდი ზომის ბუნის ქვა, რომელშიც მასიური ხის ჯვარია ჩასმული. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია, ხოლო დასავლეთისა, შიგნით თაღოვანი, გარედან არქიტრავული. სამხრეთ შესასვლელს დიდი ლუნეტი აქვს, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. კარი ნაოთხალია. დასავლეთი შესასვლელი ამოვსებულია მიწით. ეკლესიის დასავლეთით და სამხრეთით შემორჩენილია მინაშენის ფრაგმენტები. კამარა და კონქის დიდი ნაწილი ჩამოქცეულია. კედლები დაბზარულია. მიწის დონე საგრძნობლად აწეულია. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით, მათ შორის მრავლად ყრია საპირე ქვა.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები