სოფელ ზონკარის შიოწმინდის ეკლესია
სოფელ ზონკარის შიოწმინდის ეკლესია - განვითარებული შუა საუკუნეები - ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილოაღმოსავლეთით 2 კმ- ზე ტყეში. ძეგლი ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული ეკლესიის სწორკუთხა საკურთხეველში სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთ კედელში ორი შეისრულთაღიანი ნიშაა. გრძივ კედლებზე სამსაფეხურიანი პილასტრებია. პილასტრების გვერდით საფეხურებს კედლის თაღები ეყრდნობოდა, შემორჩენილია თაღების ფრაგმენტები. შეისრულთაღიანი შესასვლელი სამხრეთიდანაა. მიწის დონე იმდენად აწეულია, რომ კარის მხოლოდ თაღი და ტიმპანი ჩანს. დასავლეთით ეკლესიას გეგმით სწორკუთხა სათავსი აქვს, რომლის კამარა ნახევარცილინდრულია. ჩრდილოეთ კედელში ერთი, ხოლო დასავლეთ კედელში ორი სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთით ვიწრო თაღოვანი სარკმელია, აღმოსავლეთ კედლის თაღები კი იმპოსტებს ეყრდნობა. სათავსის აღმოსავლეთი კარი ნაოთხალია. შესასვლელი შეისრულთაღიანია. ეკლესიის კამარა ჩამოქცეულია, კედლები ჩამონგრეული. ამოსულია დიდი ზომის მცენარეები.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა