სოფელ მერიის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩრდილო-აღოსავლეთის კედლის ფრაგმენტი

სოფელ მერიის ღვთისმშობლის ეკლესია - XII-XIII სს. ეკლესია მდებარეობს ნასოფლარ “დიდი ღრომის” ტერიტორიაზე. ნაგებია დიდი ზომის შირიმის ქვით და კარგად დამუშავებული ადგილობრივი ჯიშის ქვის კვადრებით. წყობა თარაზულია. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში და აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით ნახევარწრიული ფორმის ნიშებია მოთავსებული. აბსიდის კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. აბსიდში შემორჩენილია მოხატულობის კვალი. საკურთხევლის წინ შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტები. ქვის კანკელი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. ჩუქურთმაში წარმოდგენილია გეომეტრიული წნულის მრავალსახეობა. იგი დიდი ოსტატობითაა შესრულებული.

ეკლესიის გეგმა

გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებს კამარის საბრჯენი თაღი და კედლის თაღები ეყრდნობა. სამხრეთი პილასტრი პირდაპირ შესასვლელის წირთხლს ებჯინება. შესასვლელს ტიმპანი აქვს. დარბაზი ნათდებოდა სამხრეთიდან და დასავლეთიდან თაღოვანი სარკმლები. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს. ეკლესიას სამხრეთიდან ეკვდერი და კარიბჭე აქვს. ეკვდერი აღმოსავლეთით აბსიდით სრულდება, რომლის ცენტრში სარკმელია გაჭრილი. ეკვდერი კარიბჭეს. თაღოვანი გასასვლელით უკავშირდება. ღია თაღებიან კარიბჭეს ვარსკვლავა კამარა აქვს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ლილვოვანი ვარდული. კარიბჭე გადახურულია ორქანობიანი სახურავით. კარიბჭეს ფართო, თაღოვანი შესასვლელი აქვს. კარიბჭე და ეკვდერი შირიმის ქვითაა მოპირკეთებულიი. ეკლესიის ფასადები მოკლებულია დეკორატიულ მორთულობას. აღმოსავლეთ სარკმელს სამმაგი ლილვი აჩარჩოებს, ხოლო დასავლეთ სარკმელს - ოთხმაგი ლილვი. ამჟამად ჩარჩოების მხოლოდ ქვედა ნაწილებია შემორჩენილი. ეკლესიის კარნიზის შემორჩენილი ნაწილი თარო-ლავგარდანია. ეკლესია დაზიანებულია. კამარისა და კონქის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. იატაკი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით. ფასადებს დიდ ნაწილზე საპირე ქვა შემოცლილი აქვს. ჩრდილო-დასავლეთი კუთხე მორღვეულია. კედლები დაბზარულია.


წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები