სოფელ ნაქალაქევის წმინდა გიორგის ეკლესია
სოფელ ნაქალაქევის წმინდა გიორგის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - სოფელში დგას წმ. გიორგის მცირე ზომის ჯვაგუმბათოვანი ეკლესია, ნაგებია ძირითადად შირიმის ქვით. გამოყენებულია ყორექვაც. ეკლესიას ღრმა, შვერილი, ხუთწახნაგა აბსიდა აქვს. ინტერიერში აბსიდის ჩრდილოეთით ერთი თაღოვანი ნიშაა. საკურთხევლის წინ სოლეაა. ეკლესიას მოკლე მკლავები აქვს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წახნაგოვან ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. აბსიდის კონქი ამოყვანილია მცირე ზომის, შირიმის ქვით. აღმოსავლეთით – ერთი სწორკუთხა ნაოთხალი სარკმელია. ეკლესიას სამივე მხრიდან კარიბჭე აქვს. ამათგან დასავლეთისა თითქმის განადგურებულია. ისინი სამივე მხრიდან თაღებითაა გახსნილი. სამხრეთი კარიბჭით თუ ვივარაუდებთ, გადახურვა ნახევარსფერულია. აღმოსავლეთი კედლიდან სარკმლის საპირე ქვები ჩამოყრილია. ეკლესიას დეკორატიული მორთულობა არ გააჩნია, გარდა გუმბათის წახნაგებში მოთავსებული თაღედისა. ეკლესიას სამი მხრიდან ფრონტონები აქვს. ნაგებობას ასრულებს თარო ლავგარდანი.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა