სოფელ ძარის მთავარანგელოზის ეკლესია
სოფელ ძარის მთავარანგელოზის ეკლესია - სოფლის სასაფლაოზე მდგარი ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის მოყვითალო ფერის უხეშად დამუშავებული ქვით. წყობა შერეულია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს; აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის სამხრეთით და ჩრდილოეთით დიდი ზომის სწორკუთხა ნიშებია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია პილასტრებით. გრძივი კედლები წყვილი პილასტრების საშუალებით თითქმის სამ თანაბარ ნაწილად იყოფა. ფართო შესასვლელები დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. წირთხლები ამოყვანილია კარგად დამუშავებული ქვებით. ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. აბსიდის კედლების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. გრძივი კედლების ნახევარზე მეტი ჩამონგრეულია. აღმოსავლეთი სარკმელი მორღვეულია. ეკლესია ძლიერ არის დაზიანებული.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა