სოფელ ხეთაგუროვის (ყოფილი წუნარი) ღვთისმშობლის ეკლესია
სოფელ ხეთაგუროვის (ყოფილი წუნარი) ღვთისმშობლის ეკლესია - გუმბათიანი ეკლესია ნაშენია მუქი რუხი ფერის კარგად დამუშავებული ქვის თანაბარი ზომის კვადრებით. ეკლესიის საერთო ფორმები დაუხვეწავი და არაპროპორციულია გუმბათი თავისი დიდი ზომით არ შეესაბამება ქვედა ნაწილის დამჯდარ, მცირე ზომის ნაგებობას. გუმბათი აღმოსავლეთით ეყრდნობა აბსიდის კუთხეებს, დასავლეთით ორ თავისუფლად მდგარ, რვაწახნაგა სვეტს. გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. გუმბათის ყელი ცილინდრულია. მასში გაჭრილია რვა ვიწრო სარკმელი, რომლებიც დარბაზის სრულ განათებას ვერ უზრუნველყოფენ. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა სამი თაღოვანი სარკმლით (სამივე ამოშენებულია). აბსიდს შემოუყვება ერთსაფეხურიანი ხარისხი. ბემის კედლებში გაჭრილია პასტოფორიუმებში თაღოვანი გასასვლელები. ჩრდილოეთი კარი ოდნავ შეისრულია. ორივე გასასვლელი ამოქოლილია. აბსიდის ცენტრში დგას სწორკუთხა ტრაპეზი. აბსიდის ქვის ფილების იატაკი ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკზე. მას აქვს ნახევარწრიული სოლეა. აბსიდა დარბაზისაგან გამოყოფილია ქვის კანკელით, რომლის ქვედა ნაწილში ამოკვეთილია ჯვრები და ყვავილები. კანკელს აქვს ერთი, ცენტრალური შესასვლელი (”აღსავლის კარი”). პასტოფორიუმები (სამკვეთლო და სადიაკვნე) დარბაზს უკავშირდება თითო კარით. ამისათვის აღმოსავლეთით აქვს ნახევარწრიული აბსიდები, თითო თაღოვანი სარკმლით. პასტოფორიუმები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. დასავლეთი სვეტები გრძივ კედლებს და დასავლეთ კედლებს თაღებით უკავშირდება. სამხრეთ და ჩრდილოეთი კედლების ზედა, ცენტრალურ ნაწილებზე თითო თაღოვანი სარკმელია. დასავლეთი კედლის ცენტრში შეისრულთაღოვანი შესასვლელია, მის ზემოთ ორი სწორკუთხა სარკმელი. მთავარი შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. ინტერიერის კედლები, კამარები, გუმბათის ყელი და კანკელი შელესილ-შეთეთრებულია. აღმოსავლეთი ფასადი ორი მაღალი სამკუთხა ნიშით სამ ნაწილადაა დაყოფილი. სამხრეთ და ჩრდილოეთ მონაკვეთებზე მცირე, თაღოვანი სარკმლის ჭრილები გამოდის. ცენტრში მაღალი, თაღოვანი, ვიწრო სარკმლის ჭრილია. მის თავზე ტოლმკლავა ჯვრის რელიეფია. ნიშებში გამოდის აბსიდის დანარჩენი ორი სარკმელი. ეკლესიას შემოუყვება თარო-კარნიზი, წრეთარგი და ლილვი. ჩრდილოეთი ფასადის ცენტრალური ნაწილი მაღალი ფრონტონით სრულდება. მის ზედა, ცენტრალურ ნაწილში, სარკმლის ვიწრო ჭრილია მოთავსებული. ფასადის დასავლეთ ნაწილში კედლის წყობაში ჩატანებულია ორი ფილა, რომელიც თავის დროზე სარკმლის არშია უნდა ყოფილიყო (აქვს ორმაგი ”წარბი” და სარკმლის თაღის ღიობი). ერთ მათგანზე ჯვრის გამოსახულებაა. დასავლეთი ფასადის ზედა ფრონტონქვეშა ნაწილზე, რელიეფური ტოლმკლავა ჯვარია, რომლის ქვედა მკლავის გვერდებზე ორმაგჩარჩოიანი სარკმლებია. ქვედა, ცენტრალურ ნაწილში სწორკუთხა, ამოშენებული შესასვლელია. მის თავზე რელიეფური "ვარდულია". სამხრეთ და ჩრდილოეთ მხრებზე ორმაგჩარჩოიანი მრგვალი, მცირე ზომის სარკმლებია. სამხრეთი ფასადი ანალოგიური იქნებოდა ჩრდილოეთი ფასადის, რომ არა კედლის დასავლეთ ნაწილში არსებული შესასვლელი. არქიტრავზე ამოკვეთილია აშენების თარიღი 1887, ჯვარი და ბერძნული ან რუსული წარწერა, რომელიც დაზიანებულია და არ იკითხება. შესასვლელს ჰქონდა კარიბჭე, რომელიც, ასევე არ იკითხება. გუმბათი 16 წახნაგოვანია. თითო წახნაგის გამოტოვებით აქვს რვა სარკმელი. სარკმლები ორმაგლილვიანი ჩარჩოებითაა შემკული. სარკმლების თავზე, ყოველ წახნაგზე “გირჩებია” ჩასმული. მათ ზემოთ გუმბათს ლილვი და კარნიზი შემოუყვება. გუმბათი დახურულია ლორფინებით; ეკლესია - კრამიტით. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით ხის ოთხბოძიანი ფანჩატური-სამრეკლოა, დიდი რუსული ზარით.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა