სოფელ ხეითის კოშკი
სოფელ ხეითის კოშკი - XVII-XVIII სს. კოშკი მდებარეობს მდ. ლიახვის მარცხენა ნაპირას. ხეითის საცხოვრებელი კოშკი ორსართულიანი ბინაა, ორი ოთახით. ნაგებია როგორც რიყის, ისე ფლეთილი ქვით. წყობა მჭიდროა. შესასვლელი კარი მეორე სართულიდან აქვს. კარის წინ მოწყობილი იყო ორ ძლიერ კოჭზე გამართული ბაქანი. ბაქანზე ადიოდნენ მისადგმელი კიბით. შესასვლელიდან მარჯვნივ კედელში დაყოლებელი კიბე პირველ სართულის უკავშირდება. საცხოვრებელი მეორე სართულზეა, პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისაა. მეორე სართულის ოთახი რვაკუთხედით შემოფარგლულ სივრცეს წარმოადგენს, რომლის წახნაგებში ღრმა კამარაგადავლებული უბეებია მოთავსებული. ოთახის შესასვლელის პირდაპირ, კედელში ბუხარია, რომლის ორივე გვერდზე თაღოვანი ნიშებია. მრავალგვერდა ოთახის სამ გვერდში, ბუხრიდან ორი მარჯვენა და ერთი მარცხენა გვერდის მთელ სიგანეზე, ღრმა და მაღალი ნიშებია მოთავსებული. სამივე აგურით ამოყვანილი, შეისრული თაღით არის გადახურული. შესასვლელის მარჯვნივ ორი ღრმა ნიშაა, რომლებშიც ფართო სარკმლებია გაჭრილი. მეორე ნიშში მოთავსებული ვიწრო კარიდან გასასვლელია საპირფარეშოში. კამარით გადახურული ოთახი საზვერავ-სათოფურებით არის გამართული. პირველი სართული გადახურულია კონუსური კამარით. სათავსის ძირითადი დანიშნულება იყო მარანი. ერთგან კედელში ქვის ღაროვანი შვერილია, რომლითაც გარედან ღვინო შემოდიოდა და შემდეგ ნაწილდებოდა ქვევრებში. მეორეგან დიდი ქვაა ამოკოდილი, რომელშიც კერამიკის მილიდან წყალი შემოდიოდა. კედლებში რამდენიმე ღრმა ნიშია განლაგებული.გარედან კოშკი დაბალია. ერთადერთი დეკორატიული ელემენტია თაღოვანი კარის ზემოთ მოთავსებული ჯვარი. იგი ამოკვეთილია მოგრძო ქვაზე. კოშკის პირველი სართული ამოვსებულია მიწით. ბანი დაზიანებულია. სართულშუა გადახურვა მოშლილია.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა