სოჭის ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები (2014)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეს იყო ზამთრის პირველი თამაშები, რომლის დროსაც ოლიმპიური ჩირაღდანი და არა ცეცხლი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აიტანეს და შემდეგ ღია კოსმოსში გაიტანეს

სოჭის ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები – XXII ოლიმპიური თამაშები ჩტარდა რუსეთში ზღვისპირა საკურორტო ქალაქ სოჭში 2014 წლის 7-23 თებერვალს.

წარწერის ტექსტი

XXII ზამთრის ოლიმპიური თამაშები პირველი ასეთი მასშტაბის შეჯიბრება იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის ყოფილ ტერიტორიაზე – რუსეთში ჩატარდა. 2014 წლის ზამთრის თამაშების მასპინძელი შავიზღვისპირა სოჭი აღმოჩნდა. პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლაში ბორჯომი-2014-ის სახით საქართველოც ჩაება. დასკვნით ეტაპზე სოჭის, პიონჩანგის და ზალცბურგის განაცხადები გავიდა, ბორჯომი კი ბრძოლას გამოეთიშა.

ნიდერლანდელმა ციგურებით მორბენალმა ირენ ვიუსტმა სოჭში ყველაზე მეტი – 2 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი აიღო

სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ძვირი გამოდგა. გათვალისწინებული 12-მილიარდიანი ბიუჯეტი 51 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ორგანიზატორები დახარჯულ თანხებს ნულიდან დაწყებული ინფრასტრუქტურის მოწყობას მიაწერდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთები, რომლებიც კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებდნენ.

თამაშები რეკორდული იყო როგორც მონაწილე ქვეყნების, ისე სპორტსმენთა რაოდენობით და გასათამაშებელი მედლების კომპლექტებითაც.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში პირველად მონაწილეობდნენ დომინიკის, მალტის, პარაგვაის, აღმოსავლეთ ტიმორის, ტოგოს, ტონგასა და ზიმბაბვეს დელეგაციები.

თამაშებს არაერთი გმირი ჰყავდა. მათ შორის, პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, „ბიათლონის მეფედ“ შერაცხული ნორვეგიელი ულე ეინარ ბიორნდალენი, რომელიც 10 კმ სპრინტსა და სადებიუტო დისციპლინაში – შერეულ ესტაფეტაში იყო საუკეთესო. რვამდე გაზრდილი ოქროს მედლებით ბიორნდალენმა ბარის თხილამურობაში თანამემამულე ბიორნ დელის ამგვარი რეკორდი გაიმეორა, ჯილდოთა საერთო კოლექციით (13) კი დელის შედეგი ერთი ბრინჯაოს ნადავლით გააუმჯობესა. მსგავსი შედეგისთვის ზამთრის ოლიმპიადებზე მანამდე არავის არცერთ სახეობაში არ მიუღწევია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინდივიდუალურ დისციპლინებში ბიორნდალენი ზამთრის ოლიმპიადების ყველაზე ასაკოვანი (40 წლის) ჩემპიონიც გახდა (2018 წლის ჩათვლით).

წარწერის ტექსტი

ქალი ბიათლონისტებიდან ყურადღება მიიპყრო ბელარუსმა დარია დომრაჩევამ. ის სამივე ინდივიდუალურ დისციპლინაში ჩემპიონი გახდა. ამ მიღწევისთვის დომრაჩევას „ბელარუსის გმირის“ წოდება მიანიჭეს. ციგურებით რბოლაში ნიდერლანდელებმა მეტოქეებზე აშკარა უპირატესობით გაიმარჯვეს. მათ მედლების 12 კომპლექტიდან 8 ოქროს, 7 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს ჯილდო დაისაკუთრეს. ამასთან, ნიდერლანდელებმა ვაჟთა სამ და ქალთა ერთ დისციპლინაში საპრიზო სამეულები სრულად შეავსეს. მათ შორის იყო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ირენ ვიუსტი, რომელმაც 2 პირველი და 3 მეორე ადგილით სოჭში ყველაზე მეტი მედალიც მოიპოვა.

აღსანიშნავია, იტალიელი მოციგავის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის არმინ ცოგელერის მიღწევაც. იტალიელმა სოჭის საციგაო ტრასაზე მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ მეექვსე თამაშებზე მოიპოვა მედალი.

მნიშვნელოვანი იყო ტრამპლინიდან ხტომაში იაპონელი ნორიაკი კასაის მიერ მოპოვებული ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოებიც. იაპონელმა პირველი ოლიმპიური მედალი (ვერცხლი) 20 წლით ადრე, ლილეჰამერში დაიმსახურა, ეს კი მოპოვებულ მედლებს შორის სარეკორდო ინტერვალია. მსგავსი რამ ისტორიაში მხოლოდ ორჯერ მოხდა და ორივეჯერ 1948 წლის თამაშებისას.

სოჭში ტრამპლინიდან ხტომაში დებიუტი ჰქონდათ ქალებს, პირველი ჩემპიონი კი გერმანელი კარინა ფოგტი აღმოჩნდა.

პირველად ისტორიაში, ერთბაშად 2 ჩემპიონი გამოვლინდა სამთო მოთხილამურეთა შორის. ქალთა სწრაფდაშვებაში ოქროები გაიყვეს სლოვენიელმა ტინა მაზემ და შვეიცარიელმა დომინიკა გიზინმა. კანადელებმა დუბლი შეასრულეს ჰოკეიში – ჩემპიონები გახდნენ როგორც ვაჟებში, ისე ქალებში. ამასთან, ქალებმა ამას ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადაზე მიაღწიეს. სოჭის 2014 წლის თამაშები ისტორიაში რუს სპორტსმენთა დოპინგ სკანდალებითაც შევიდა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ შემდგომში მიღებულ სანქციებზე.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები